
"ველოდები, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს"
09/10/2020 08:35:54 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იგი საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებას ელოდება.
„მსურს, ხაზი გავუსვა სომეხი ხალხის, სომხეთისა და მთიან ყარაბაღის კმაყოფილებას საფრანგეთის პრეზიდენტის გულწრფელი, სიმართლეზე დაფუძნებული პოზიციის გამო. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისგან, საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ველოდები,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა "Tv5Monde"-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყარაბაღში სირიელი ამბოხებულების რაზმებიც იბრძვიან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში თურქეთის გავლით ჩავიდნენ.
ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.