
"ბაქომ და ერევანმა მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს"
09/10/2020 10:38:44 მსოფლიო
აზერბაიჯანმა და ერევანმა დაადასტურეს თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ბაქომ და ერევანმა მოსკოვის კონსულტაციებში მონაწილეობა დაადასტურეს. მიმდინარეობს ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები,“- აღნიშნა ზახაროვამ.
მისივე თქმით, შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე გაიმართება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.