
ბაქოში განაცხადეს, რომ ჯებრაილის თავზე აზერბაიჯანული დროშა აფრიალდა
09/10/2020 10:55:22 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქალაქ ჯებრაილის თავზე აზერბაიჯანის დროშა აფრიალდა. უწყებამ ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა, რომელიც, მისი მტკიცებით, ჯებრაილის რაიონშია გადაღებული.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს განაცხადა რაიონული ცენტრის – ქალაქ ჯებრაილის აღების თაობაზე. თუმცა სომხეთის თავდაცვის უწყებამ მაშინ ამას “დეზინფორმაცია” უწოდა.
7 ოქტომბერს სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ «ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგე წინ წაწევას და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით (ჯებრაილამდე არმისული) გამაგრებას ცდილობდა, თუმცა აზერბაიჯანული ქვედანაყოფები სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლით გააუვნებელყვეს.
ჯებრაილი მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის ტერიტორიაში არ შედის, იგი მისგან სამხრეთითაა განლაგებული. სომხურმა ფორმირებებმა მასზე კონტროლი 1993 წელს დაამყარეს, ისევე, როგორც მთიანი ყარაბაღის პერიმეტრზე მდებარე კიდევ რამდენიმე აზერბაიჯანულ რაიოცენტრზე. იმ დროიდან ჯებრაილს არაღიარებული რესპუბლიკის ქვედანაყოფები აკონტროლებდნენ.