გამოქვეყნდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მოწმეთა ჩვენებები
09/10/2020 13:41:06 სამართალი
ავსტრიული გამოცემა “Der Standard” ბერლინში ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მოწმეთა ჩვენებებს აქვეყნებს, რომლებიც მათ სასამართლოს მისცეს.
პირველი სასამართლო სხდომები ბერლინის უზენაეს სასამართლოში 7-8 ოქტომბერს გაიმართა.
«პოლიტიკური თვალსაზრისით ამ უხერხული საქმის მოწმეები მომხდარს აღწერენ. მსხვერპლს – “რუსეთის სახელმწიფოს მტერს» შანსები აღარ რჩებოდა», – წერს ჟურნალისტი ბირგიტ ბაუმანი, რომლის სტატიის თარგმანს პორტალი “Inopressa” აქვეყნებს.
ერთ-ერთმა მოწმემ – მთვლელი პალატის თანამშრომელმა ანდრეას ხ.-მ, რომელიც სროლის დროს პარკში მდებარე რესტორან “Alverdes”-ში სადილობდა, მოვლენები ასე აღწერა: «უეცრად მკვეთრი, გასროლის მსგავსი ხმა გაისმა. ოფიციანტმა დაიყვირა, “იქ ხომ ვიღაც ისვრისო!». რესტორნის გარე სივრცეში მყოფი ყველა კლიენტი შიგნით შეიყვანეს. შენობას დიდი ფანჯრები აქვს, ამიტომაც კარგად ჩანდა, რა ხდებოდა გარეთ. იქ იყო მამაკაცი ველოსიპედით, რომელიც ტომარაში იარაღს ალაგებდა».
მისივე თქმით, ველოსიპედი «ძალზე მარტივი იყო და იაფფასიანი». როდესაც მსროლელი მასზე დაჯდა და მიმალვა სცადა, მოწმემ გადაწყვიტა, გაჰკიდებოდა: «ისეთი შეგრძნება წარმომეშვა, რომ როგორც კი პარკს გასცდებოდა, გაუჩინარდებოდა”.
მოწმემ უამბო სასამართლოს, რომ მამაკაცი (ხანგოშვილი) უკვე მკვდარი იყო – «თავი სისხლის გუბეში ჰქონდა», ხოლო მსროლელი საშუალო სიმაღლის იყო, ღია ფერის თმით.
«იარაღი დაინახეთ?», – ჰკითხა მოწმეს მოსამართლემ და მან დადებითი პასუხი გასცა.
ამასთან, “Der Standard“ აღნიშნავს, რომ მკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციაში დაკითხვისას მოწმე ამბობდა, რომ იარაღი არ დაუნახავს და დაინახა ზურგჩანთა და არა ტომარა, თანაც მაშინ იგი ორ გასროლას ახსენებდა, ახლა კი, სასამართლოში – მხოლოდ ერთს.
სასამართლომ ასევე დაკითხა 38 წლის ტორსტენ ფ., ცენტრალური ბერლინის რაიონული გამგეობის თანამშრომელი, რომელიც სროლის დროს ასევე იმყოფებოდა რესტორან “Alverdes”-ში.
«მე გავიგე გასროლის მსგავსი ხმა», - უამბო მან სასამართლოს, თვითმხილველის თქმით, თავიდან მან გაიფიქრა, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ორი ველოსიპედისტის მონაწილეობით, რომელთაგან ერთ-ერთის ველოსიპედს საბურავი გაუსკდა, მაგრამ “დაზარალებული მიწიდან აღარ ამდგარა».
ფ.-ს თქმით, მეორე მამაკაცი “მიწაზე მწოლიარეს თავთან დაუდგა და რაღაც ნივთი დაუმიზნა”. ამის შემდეგ გაისმა მეორე გასროლა. თვითმხილველი ხედავდა, როგორ ტოვებდა დამნაშავე შემთხვევის ადგილს “სიფრთხილით”.
მან სასამართლოს უამბო ქალის შესახებაც, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვით ხელში რესტორანში შევარდა და ყვიროდა: «თავში ესროლაო!», - წერს “Der Standard”.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ამ დანაშაულის რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
გერმანიის ფედერალურმა პროკურტურამ კრასიკოვს ბრალი სს კოდექსის 211-ე – მკვლელობის მუხლით წაუყენა. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი დანაშაულს «ან ფინანსური გამორჩენის მიზნით სჩადიოდა, ან იზიარებდა დამკვეთების მოტივს – მოეკლათ პოლიტიკური ოპონენტი და ამ გზით შური ეძიათ წარსულში რუსეთთან კონფლიქტში მისი მონაწილეობის გამო».რუსეთის ხელისუფლება ამ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. პრეზიდენტმა პუტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ხანგოშვილის სიკვდილი “ბანდიტური გარჩევების” შედეგი იყო. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის გადაცემას ითხოვდა. თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ ეს უარყო.მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – რომან დ. Bellingcat-ის მონაცემებით, ის რომან დავიდოვია, თუმცა მისი გვარ-სახელიცა და მონაცემებიც გამოგონილია.


