
რუსეთის «მეგობრული» მავნებლობა: გადარჩებიან თუ არა აფხაზები იზოლაციის, გლობალური პრობლემებისა და მუდმივი სტრესის პირობებში
10/10/2020 11:33:31 კონფლიქტები
კრიზისი, კორონავირუსი, ნარკოტიკები. აფხაზეთისთვის 2020 წელი ერთგვარ გამოცდად იქცა. თითქოს თავად სამყარო ცდილობს, გაარკვიოს, გადარჩებიან თუ არა აფხაზები იზოლაციის, გლობალური პრობლემებისა და მუდმივი სტრესის პირობებში.
კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდა მეტყველებს დიდი ეპიდემიის დაწყებაზე, რომელიც აფხაზეთის პირობებში სრულიად შესაძლებელია, ფატალურად იქცეს. უსუსტესი მედიცინა უკანასკნელი ძალებით იბრძვის და უკვე თითქმის დანებდა. ისევე, როგორც ბიუჯეტი, რომელიც აქამდე განწირულად ცდილობდა მრავალრიცხოვანი «ხვრელების» ამოვსებას და ბოლოს ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანა. ცხოვრება ძვირდება, ბიზნესს შემოსავალი არ მოაქვს, დახმარება არსაიდანაა მოსალოდნელი. აი, ასე შეიძლება, მოკლედ აღიწეროს სადღეისოდ აფხაზეთის ყოფა.
ვერაგმა დაავადებამ, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, არა მარტო შეაღწია აფხაზეთში, არამედ თავისუფლად ნავარდობს კიდეც, დახვდა რა ამისთვის ნოყიერი ნიადაგი. მკაცრი კარანტინი არ შემოუღიათ, სუსტი შეზღუდვები კი მხოლოდ გრანდიოზული ეპიდემიის დაწყების დროისთვის დაწესდა. ამასთან, ქვეყანაში სეირნობს ათასობით ტურისტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის შეუმოწმებია და ამას არც აპირებს. ამას ემატება ხალხმრავალი ქორწილები, სკოლების მუშაობა, მიუხედავად ინფიცირებული მოსწავლეებისა და პედაგოგების ყოველდღიურად მზარდი რაოდენობისა. მედიკოსები პრაქტიკულად ყოველდღიურად აღრიცხავენ პაციენტების გარდაცვალებას. ამასთან, დაავადება მძიმედ გადააქვთ უკვე არა მარტო ხანდაზმულებს, არამედ ჯანმრთელ ახალგაზრდებსაც. 6 ოქტომბერს კი, აფხაზეთში პირველად დაფიქსირდა ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი — 103 მოქალაქე. პანდემიის პერიოდში გარდაცვლილია უკვე 21 ადამიანი. ამ დროისთვის გამოვლენილ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2170-ს აღწევს.
ამ დღეებში ვესაუბრე ახალგაზრდების ჯგუფს. მათი აზრით, ხელისუფლების უმოქმედობას სრულიად გარკვეული აზრი აქვს. «ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენი განადგურება სურთ. კორონავირუსი შეუერთდა ჩვენს არაკეთილმოსურნეებს და ახლა ისღა დაგვრჩენია, ვაკვირდებოდეთ, როდის გააკეთებს ის თავის შავ საქმეს», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე. მისივე აზრით, რუსეთი გამიზნულად ბლოკავს მედიკამენტების შესყიდვას, მათ აფხაზეთში შეტანას, რითაც ადგილობრივი მედიკოსების ძალისხმევა ნულზე დაჰყავს. «რუსეთს აფხაზეთი დიდად არც ადრე უყვარდა, მაგრამ რაც ეხლა ხდება - მთელი ეს პრესინგი - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი გზით ხელში ჩაგდების მცდელობად აღიქმება», - თვლის მეორე. ახალგაზრდა ქალის თქმით, რუსი მოღვაწეების მთელი ბოლოდროინდელი საუბრები აფხაზეთის მიერთებაზე ჰაერიდან არ მოსულა. «ეს მათი ვერაგი გეგმაა, რომელსაც ჩვენი უფროსები დიდი ხნის წინ უნდა მიმხვდარიყვნენ. ახლა კი გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ვეღარაფერს იზამს და მოსახლეობისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ სიმართლის დამალვით მხოლოდ ხელს უწყობს რუსეთის გეგმას. ჩვენებს შესაძლოა, ეს არც უნდოდეთ, მაგრამ ხალხისგან ჩაკეტვით მხოლოდ ეხმარებიან მტერს ჩვენს დაჯაბნაში», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე.
სტრატეგიული პარტნიორის, მეზობლისა და მეგობრის — რუსეთის მიმართ სიტყვა «მტერმა» რესპუბლიკაში შედარებით ცოტა ხნის წინ გაიჟღერა. მსგავსი მოსაზრებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა სიმართლე იმის შესახებ, რატომ არ ჰყოფნის აფხაზეთს პერიოდულად ტესტები, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. როდესაც ამ სიახლეს დაემატა იმის აღქმა, რომ რუსეთს არ სურს, თავის კოვიდ-ცენტრებში აფხაზეთის მაცხოვრებლებს უფასოდ უმკურნალოს, საზოგადოებაში დაიწყო საუბრები მსგავსი მოქმედების გამიზნულობაზე. ახლა კი, როცა დაავადებულთა სტატისტიკა რესპუბლიკაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ყველა სხვა გასაჭირს შესაძლოა, ფსოუზე საზღვრის ჩაკეტვაც დაემატოს. თანაც ცალმხრივად. და რუსეთმა კოლეგა აფხაზი მედიკოსები ამის შესახებ უკვე გააფრთხილა.
ეპიდემიის დასაწყისში აფხაზურ საზოგადოებას ყოველდღიურად აიმედებდნენ, რომ რუსეთიდან დახმარება მოვიდოდა, თავად ინფიცირებულებს კი საჭიროების შემთხვევაში კრასნოდარის მხარის სამედიცინო დაწესებულებებში უმკურნალებდნენ. ხანგრძლივად და ლამაზად საუბრობდნენ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მარშრუტიზაციაზე, რომელიც, აქაოდა, აფხაზეთის მაცხოვრებლების საჭიროებებზე და მეტ კომფორტზე იყო აგებული. რეალურად კი, მძიმე პაციენტებს მალულად უშვებდნენ საქართველოში. პირველ ხანებში ხალხმა ამის შესახებ დიდად არაფერი იცოდა და რუსეთის ხელისუფლების სჯეროდა. თავის საქმეს აკეთებდა მედიაც, რომელიც პერიოდულად აანონსებდა რუსი და აფხაზი მედიკოსების შეხვედრებს «ყველაზე მაღალ დონეზე». მაგრამ როდესაც ავადმყოფების საქართველოში გაყვანის ფაქტები მომრავლდა, მოსახლეობამ დაიწყო უხერხული კითხვების დასმა, რომლებზეც პასუხები ამ დრომდე არ მიუღია.
ახლა უკვე პაციენტები ენგურს გაღმა კლინიკებში სრულიად ლეგალურად გაჰყავთ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა საჭირო საბუთს გასცემს. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ პირველად შეძლო, დაეშოშმინებინა ენგურის საზღვარზე მდგომი რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პრობლემებს ქმნიდნენ. ახლა ისინი დიდად უკვე აღარაფერში ერევიან და უკმაყოფილო სახეებით ასრულებენ პასიური დამკვირვებლის როლს. საქართველოში ავადმყოფების დაუბრკოლებლად გაყვანის შესაძლებლობა შედარებით ცოტა ხნის წინ გაჩნდა, დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან. მანამდე, ყველა საჭირო საბუთის ფლობის შემთხვევაშიც კი რუსი სამხედროები ენგურს გაღმა გადასვლის ყველა შესაძლებლობას აღკვეთდნენ. იყო შემთხვევები, როცა მძიმე ავადმყოფს, რომლის ტრანსპორტირება რეანიმობილით ხორციელდებოდა, უკან აბრუნებდნენ. და პანდემიის პერიოდისთვის ჩაკეტილი საზღვარი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. რუსი სამხედროები ცალმხრივ რეჟიმში წყვეტდნენ, ვის შეეძლო და ვის არა აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება, ადგილობრივი ხელისუფლება კი მსგავს თვითნებობაზე გავლენას რთულად თუ ახდენდა.
მოარული ჭორების საწინააღმდეგოდ, საქართველოში ჩვენს პაციენტებს სამედიცინო დახმარება სრულიად უფასოდ ეწევათ. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად ენგურს გაღმა გამსვლელთა ნაკადი ყოველდღიურად იზრდება. ნაწილს ზუგდიდში ტოვებენ, ყველაზე მძიმე შემთხვევებში კი პაციენტები თბილისში გადაჰყავთ.
ამ დროს გუდაუთის კოვიდ-ცენტრი შესაძლებლობების ზღვარზე ცდილობს, ინფიცირებულთა ნაკადს გაუმკლავდეს. თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ რჩება. პალატებში ერთად აწვენენ ბავშვებსა და უფროსებს, მათ შორის — მედიკოსებსაც, რომლებიც სხვების მკურნალობისას დაინფიცირდნენ. აფხაზეთის ხელისუფლებამ კი, პირველად ამ ხნის განმავლობაში, მიმართა მოსახლეობას გაფრთხილებით ვითარების გაუარესების თაობაზე. არადა, აფხაზი მედიკოსები ამ პროგნოზს ბევრად ადრე — ეპიდემიის საწყის ეტაპზე იძლეოდნენ. მაგრამ მაშინ მათ «მშიშრები» უწოდეს და რეალური ვითარების ხელოვნურად გაბუქების მცდელობაში დაადანაშაულეს, მოსახლეობას კი უბრძანეს, «არაპატრიოტი» მედიკოსების პროგნოზებისთვის არ დაეჯერებინა და «უახლოეს ხანებში» რუსეთიდან დახმარების მიღების იმედი ჰქონოდა.
მწვავე აუცილებლობა უკვე დადგა, დახმარება კი როგორც აქამდე არ იყო, ისე არაა ახლაც. ამიტომაცაა ხალხი იძულებული, ახლობლების სიცოცხლე საქართველოში გადაარჩინოს. და თუ ადრე მათ, ვინც ქართველი მედიკოსების დახმარებით ისარგებლა, სამშობლოს მოღალატეებად რაცხავდნენ, ახლა ყველაზე დაუოკებელი მოწინააღმდეგეებიც კი მიჩუმდნენ, რადგან გააცნობიერეს, რომ სხვა აფხაზეთის მაცხოვრებლებს მომაკვდინებელი სენისგან ვერავინ და ვერაფერი გადაარჩენთ.
სტრატეგიული პარტნიორი კი, დახმარებისა და მხარდაჭერის ნაცვლად, აფხაზეთში არა მედიკამენტებსა და სადეზინფექციო საშუალებებს აგზავნის, არამედ ულტიმატუმებს, რომლებიც არა მარტო ხალხს, არამედ აფხაზურ სახელმწიფოსაც დაღუპავს.
«ვინც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო პირობებს გვთავაზობს, აფხაზეთის მეგობარია? - არა, ის აფხაზეთის მტერია. თუ მაიძულებ, შევასრულო პირობები, რომელიც ჩემს ერს კლავს, იძულებული ვარ, ჩემი ხალხის მტრად განგიხილო», - ამბობს გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პროფესორი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი «ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ინტეგრაციისა და «აბრეშუმის გზის» სტრატეგიის» საექსპერტო ჯგუფის წევრი ანატოლი ოტირბა.
და რას ამბობენ ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად აფხაზეთის ხელისუფლება? - დუმან, რადგან სხვა გზა არ რჩებათ. ვერ უმხელენ მსოფლიოს სიმართლეს იმის შესახებ, რომ აფხაზეთისთვის ყველაზე რთულ დროს რუსეთმა მას არათუ დახმარების ხელი არ გაუწოდა, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ დაღუპოს სახელმწიფო, რომლის დამოუკიდებლობა ოდესღაც პირველმა თავად აღიარა.
ასტანდა ბგანბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება