Accentnews.ge
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, მხარეები ყარაბაღში ბრძოლების გაგრძელების თაობაზე იუწყებიან

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, მხარეები ყარაბაღში ბრძოლების გაგრძელების თაობაზე იუწყებიან

10/10/2020 16:02:51 კავკასია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ბრძოლების გაგრძელების თაობაზე იუწყებიან.

შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში აზერბაიჯანმა სომხეთი "მთიანი ყარაბაღის საზღვრის გასწვრივ ორ სხვადასხვა არეალში ბრძოლების განახლებაში" დაადანაშაულა.

მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე ქალაქზე მიიტანეს იერიში".

გუშინ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტდნენ.

„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,“- აღნიშნულია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.

გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ:

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით და კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.

ამავე განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ თავიანთ ერთგულებას.

ცნობისთვის: მოსკოვში რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ, რომლებიც რუსეთში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სასაუბროდ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S