Accentnews.ge
განხეთქილების ბებუა

განხეთქილების ბებუა

10/10/2020 16:47:40 კონფლიქტები

აფხაზურ საზოგადოებაში ამ დრომდე არ ცხრება ვნებათაღელვა ერთდროულად ორი მოვლენის გამო, რომელიც “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის” 27-ე წლისთავს უკავშირდება. კერძოდ, საზოგადოება აგრძელებს შფოთვას აფხაზური დროშის დაწვის მცდელობისა და “პარლამენტის” მიერ ფართო ამნისტიის შესახებ დადგენილების მიღების გამო.

“პარლამენტის” მიერ 24 სექტემბერს მიღებულმა დადგენილებამ დავა საზოგადოების შემდეგ “სახელისუფლებო” შტოებს შორისაც გამოიწვია. მოწინააღმდეგეები მიუთითებენ იმაზე, რომ ეს ნაბიჯი არ ყოფილა შეთანხმებული სხვა “სახელმწიფო” უწყებებთან და რომ ისედაც რთულ ვითარებაში ამნისტია შესაძლოა, უმძიმესი შედეგების მომტაბი აღმოჩნდეს. ინიციატორები და მხარდამჭერები კი გაკვირვებას გამოთქვამენ: ეს ხომ ომისშემდგომი აფხაზეთის ისტორიაში ამნისტიის უკვე რიგით მე-9 აქტია და აქამდე ამნისტიებს მსგავსი კრიტიკა არასოდეს გამოუწვევია.

რაც შეეხება 30 სექტემბერს – უშუალოდ დღესასწაულის დღეს მომხდარ არასასიამოვნო ინციდენტს, რომლის დროსაც გალის რაიონის 27 წლის მცხოვრებმა ირაკლი (ნიკა) ბებუამ რაიონულ ცენტრში აფხაზური დროშის დაწვა სცადა, აქ აფხაზური საზოგადოება ორად ბებუას დასჯის მეთოდების ირგვლივ გაიყო. სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ცხარე დავა მიდის იმის თაობაზე, კანონით უნდა გაასამართლონ იგი, თუ ლინჩის წესით. და ლინჩის წესით გასამართლების მომხრე საკმაოდ ბევრია. ისინი არ იღლებიან შეჯიბრით დასჯის ისეთი მეთოდების შეთავაზებაში, როგორიცაა “თავზე საბურავის ჩამოცმა და ცოცხლად დაწვა”, ან “ძელზე გასმა”, ან “როგორც ირანში, ცენტრალურ მოედანზე თავქვე დაკიდება”...

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება აფხაზეთის მიერ დეკლარირებულ სწრაფვას, იქცეს “მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ფართოდ აღიარებულ სამართლებრივ სახელმწიფოდ”, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის – აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხომ დროშის დაწვა, მართალია, ასევე იწვევს ნეგატიურ რეაქციას, თუმცა ითვლება პროტესტის გამოხატვის ფორმად.

ის, რომ აფხაზურ საზოგადოებაში აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც ამას აცნობიერებს, უდავოდ, კარგის ნიშანია. ისევე, როგორც დანარჩენები, ისინიც შეურაცხყოფილები და განრისხებულები არიან ნიკა ბებუას ქმედებით, თუმცა მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, დაფიქრდნენ აფხაზური საზოგადოების, აფხაზეთის იმიჯზე და შესაბამისად, “სახელმწიფოს პერსპექტივებზეც”.

ცუდი ისაა, რომ ამგვარად მოაზროვნენი ჯერ კიდევ უმცირესობაში არიან. ისევე, როგორც უმცირესობაში იყვნენ 4 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას საჯარო მკვლელობისას, როცა აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი რაშიდ ქანჯი-ოღლის ნამოქმედარის გამართლებას ცდილობდა… არადა, იმ რეაქციით, რომელიც ჰქონდა სამყაროს ცივილიზებულ ნაწილს (რომლისგანაც აფხაზეთი აღარებას მოელის), მარტივი მისახვედრი იყო, რომ თუ კანონი დაირღვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიმართ იქნა ეს ჩადენილი – “მტრის” თუ “მოყვარის”, რა ეროვნების იყვნენ ჩამდენი და მსხვერპლი, - დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

კარგი იქნებოდა, ამას მიხვდნენ ისინიც, ვინც დღეს აფხაზ სამართალდამცველებს ლანძღავს ბებუას ოპერატიული დაკავებისა და ლინჩის წესით გასამართლების მსურველთაგან გარიდების გამო. სწორედ ისინი მოიქცნენ სწორად და ამით იზრუნეს აფხაზეთის იმიჯსა და პერსპექტივებზეც.

თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია: ციხეში, სადაც ბებუა შესაძლოა, გადაიყვანონ, ასევე ბევრია ლინჩის წესით გასამართლების მხარდამჭერი. ამიტომაც შიშობენ ახლობლები, ამიტომაც ისურვებდნენ, იგი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ. ამასთან, ისინი სრულად აცნობიერებენ, რომ ჩადენილის გამო ბებუას აფხაზეთში თავზე ხელს არავინ გადაუსვამდა. «მთავარია, არ მოკლან, – განუცხადა ტვ «პირველს» ნიკა ბებუას ბიძამ. – მათ [აფხაზების] თვალში ის დამნაშავეა... როცა “დამოუკიდებლობის დღეს” ადამიანი შენს დროშას დაწვავს, რა თქმა უნდა, დააკავებენ და გაასამართლებენ. მთავარია, ფიზიკურად არ გაუსწორდნენ და მისი სიცოცხლე არ დადგეს საფრთხის ქვეშ».

და უნდა ითქვას, ბებუას ნამოქმედარი თბილისში ბევრს არ მოეწონა. რა თქმა უნდა, აქაც არიან “შორსმჭვრეტელი ბრძენები”, რომლებმაც ის გმირად შერაცხეს. თუმცა ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი აშკარად უკმაყოფილო იყო ამ ნაბიჯით და გაკვირვებას გამოთქვამდა ბებუას განმარტების გამოც, რომ ეს “მეგობრობისთვის” გააკეთა. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ესმის, რომ გაჭირდება მეგობრობა მასთან, ვისაც დროშას უწვავ – თუნდაც ეს არა საზეიმო, არამედ ნებისმიერ სხვა დღეს გააკეთო. და, ცხადია, ამან მხარეთა ურთიერთგაგებას ზიანი მიაყენა.

"უცნობია, ვინ და რა მიზნით შთააგონა მას [ბებუას], დემონსტრაციულად დაეწვა დროშა მაინცდამაინც ამ დღეს. ის ან შეურაცხადია, ან ვინმეს ძალიან სჭირდებოდა, ჩვენ ის თავქვე დაგვეკიდებინა მოედანზე. შესაძლოა, ეს ვინმეს პროვოკაციაა, რაღაც გეგმის ნაწილი, რომელშიც ყარაბაღის შემდეგ აფხაზეთი მოდის" – წერს ამასთან დაკავშირებით აფხაზი პოლიტიკოსი თენგიზ ჯოპუა.

"საინტერესოა, რას იტყვიან ამის [ბებუას ნაბიჯის] შემდეგ ის “გენიოსები”, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ საქართველოსთან თანამშრომლობის ჩამოყალიბების ”აუცილებლობაზე”?!" - წერს კიდევ ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

ნიკა ბებუას ქმედებამ, ნებსით თუ უნებლიედ, კვლავ გაამწვავა ანტიქართული განწყობები და დააბრუნა აფხაზური საზოგადოება პოლემიკასთან აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატუსის თაობაზე. სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ისინი “მეხუთე კოლონას» წარმოადგენენ, “საქართველოს პოლიტიკის გამტარებელ ძალას” და რომ ეს “სერიოზული გამოწვევაა აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის”.

ამ თვალსაზრისით ბებუას ნაბიჯი ვერაფრით იქნებოდა ვერც ოფიციალური თბილისის და ვერც იმ აფხაზური ძალების ინტერესებში, რომლებიც რუსეთის აშკარად გაუარესებული დამოკიდებულების ფონზე ძალისხმევას თბილისთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე მიმართავდნენ. და “ლინჩის წესით გამსამართლებლების” ვერსია, რომ ბებუა “ქართული სპეცსამსახურების დაკვეთით” მოქმედებდა, ელემენტარული ლოგიკისგან შორს მდგომად გამოიყურება. თუ საერთოდ ვისაუბრებთ რაიმე შეთქმულების თეორიებზე, მომხდარი აწყობდათ მათ, ვინც სოხუმისა და თბილისის დაახლოებას ეწინააღმდეგება და სიამოვნებით მიაყენებდა მას მორიგ დარტყმას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების აფხაზეთში “საიდუმლო” ვიზიტის გამო აგორებული სკანდალის შემდეგ – ვიზიტისა, რომელიც, როგორც გაირკვა, რუსი ჩინოსნების მიერ იყო ორგანიზებული.

სწორედ სოხუმისა და თბილისის დაახლოების მოწინააღმდეგეებისთვის იქცეოდა “მსუყე ლუკმად” ბებუას ლინჩის წესით დასჯაც, ან თუნდაც მეტისმეტად მკაცრი სასჯელი. და აფხაზეთში არის ხალხი, ვისაც ეს ესმის.

«ეს ჭკუანაკლული რომ მე და ჩემს საბრძოლო მეგობრებს გადაგვწყდომოდა, ერთს მოვცხებდით და გავუშვებდით» - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აფხაზი ვეტერანი. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა აფხაზმა პოლიტიკოსმა თენგიზ ჯოპუამაც: «[…] ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჭკუანაკლული [ქართველებს] ცოცხალი უნდა დავუბრუნოთ. ჩვენ მარტოხელა გასტროლიორ ჯამბაზებსა და ჭკუათხელებს არ ვებრძვით[...]».

თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი ბებუას გათავისუფლებას, როგორც ჩანს, ჯერ არავინ აპირებს. მეტიც, მისთვის წაყენებულ თავდაპირველ ორ (“აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ღერბის ან დროშის შეურაცხყოფა” და “დამამძიმებელ გარემოებებში ქონების განადგურება ან დაზიანება”) ბრალდებას, რომლის საფუძველზეც მას ჯერ მხოლოდ ადმინისტრაციული ზომა – 30-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, შესაძლოა, დაემატოს მესამეც – “საბრძოლო მასალის კანონსაწინააღმდეგო შენახვა”.

თბილისი, თავის მხრივ, დაკავებულის გათავისუფლების მიღწევას ცდილობს. საქართველოს ხელისუფლებამ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. და თბილისის პოზიციაში გასაკვირი არაფერია. განურჩევლად იმისა, რამდენად მისაღებია ნიკა ბებუას საქციელი ქართული მხარისთვის მორალური თვალსაზრისით, ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო ვალდებულია და კანონზე დაყრდნობით იცავს კიდეც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს.

და ამ კონტექსტში შეგვიძლია, გავიხსენოთ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის - ახრა ავიძბას შემთხვევა: რუსეთმა იგი რამდენიმე დღის წინ ორი თვის წინანდელი ინციდენტის გამო დააკავა. მაშინ ავიძბამ, რომელსაც რუსეთიდან აფხაზეთში რუსული ბიუჯეტის წინაშე დავალიანების გამო არ უშვებდნენ, “ჯიპით” სასაზღვრო ზღუდე გაანგრია და აფხაზეთში ასე გადავიდა. მსგავს ქმედებას კაცს ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ მოუწონებს. და არც მოუწონებიათ, მაგრამ მაინც, აფხაზურმა მხარემ მოსკოვის წინაშე თავისი “მოქალაქის” უფლებების დაცვა სცადა – ჯერ-ჯერობით უშედეგოდ, მაგრამ მაინც… დიახ, ავიძბას და ბებუას სიტუაციები განსხვავებულია: აფხაზეთი რუსეთის კანონებს აღიარებს, ხოლო თბილისი აფხაზურს - არა. თანაც, საზღვრის ძალით გარღვევა და დროშის დაწვაც აშკარად სხვადასხვა სიმძიმის ქმედებებია. მით უკეთ უნდა გაუგოს აფხაზურმა საზოგადოებამ ქართულ მხარეს, რომელიც დღეს ნიკა ბებუას ინტერესებისა და უფლებების დაცვას ცდილობს.

შეიძლება, გავიხსენოთ ასევე ის, რითაც დაიწყო ეს მასალა – მსჯავრებულთა ფართო წრის, მათ შორის მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირების ამნისტია. კარგად მესმის, რამდენად შეურაცხმყოფელი იყო ნიკა ბებუას საქციელი აფხაზებისთვის მორალური თვალსაზრისით, მაგრამ კანონის თვალსაზრისით, მის ქმედებას მძიმე დანაშაულს ვერაფრით უწოდებ. და თუკი შესაძლებელია, განიხილონ რეციდივისტების ამნისტირების შესაძლებლობა, ალბათ, შეიძლება, დაფიქრდნენ ბებუას მიმართ ლმობიერებაზეც.

აფხაზეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების შეცვლის (რის შესახებაც “აქცენტმა” უკვე არაერთგზის დაწერა და თავად აფხაზეთშიც უკვე პრაქტიკულად ყველა ამჩნევს) ფონზე თბილისთან თანამშრომლობის ჩამოყალიბების აუცილებელობა კიდევ უფრო მკვეთრად დადგა დღის წესრიგში. და ნიკა ბებუას მიმართ ლმობიერება შეიძლებოდა, ამ გზაზე მართალია, მცირე, მაგრამ სასარგებლო ნაბიჯად ქცეულიყო.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S