ბელარუსის შსს მომიტინგეებს საბრძოლო იარაღის გამოყენებით დაემუქრა

12-10-2020 21:17:10 მსოფლიო

ბელარუსის შს მინისტრის პირველი მოადგილე გენადი კაზაკევიჩი პერმანენტული საპროტესტო აქციების მონაწილეებს “საჭიროების შემთხვევაში” მათ წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

ჩინოსანმა ეს იმით ახსნა, რომ აქციები “ორგანიზებული და უკიდურესად რადიკალური” გახდა, “ანარქისტების, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ბოევიკების ჯგუფების ჩართულობით”.

კაზაკევიჩმა მაგალითად გასულ კვირას მინსკის ცენტრში გამართული მსვლელობა მოიყვანა, რომელიც სამართალდამცველებთან შეტაკებებით დასრულდა.

ცნობისთვის: იმ დღეს, ოპოზიციის უკვე ტრადიციული მრავალათასიანი საკვირაო მსვლელობისას ათობით ადამიანი დაშავდა, 500-მდე მოქალაქე დააკავეს. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, შუქხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები. საპასუხოდ აქციის მონაწილეებმა ქვებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

დღეს ოპოზიციამ აქცია სახელწოდებით “პენსიონერთა მარში” ჩაატარა. მინსკის ქუჩებში კვლავ ათასობით მოქალაქე გავიდა, უმთავრესად - ხანდაზმულები. როგორც ტელეგრამ-არხი “Nexta” იუწყება, ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგაც შუქხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს. ყველაზე ხალხმრავალი აქციები, რომელზეც 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გადის, კვირაობით იმართება. მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა თვლა ათასებზე მიდის.

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც ლუკაშენკოს კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა, მათ შორის - ძალისმიერს. თავად ლუკაშენკომ საიდუმლო ინაუგურაცია ჩაატარა, რამაც მისი მოწინააღმდეგეები კიდევ უფრო განარისხა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები