
პარლამენტში დაპირისპირებაა
25/06/2019 15:20:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები უპირისპირდებიან. თემა კი დეპუტატ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო მანდატის შესაძლო მოხსნას ეხება, რასაც პროკურატურა ითხოვს. საკითხს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურა საკითხთა კომიტეტები განიხილავს და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.
პარლამენტში ვარაუდობენ, რომ განხილვა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება.
"ქვეყანაში იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, ნუ შეუწყებთ ხელს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის შექმნას. მოგიწოდებთ, არ განიხილოთ ეს საკითხი, წინააღმდეგ შემთხევაში, თქვენ გაგასამართლებთ კანონი, გაგასამართლებენ თქვენს ოჯახებში, გაგასამართლებთ ისტორია",– განაცხადა რომან გოცირიძემ. ამის შემდეგ დეპუტატსა და უმრავლესობის წარმომადგენელ აკაკი ზოიძეს შორის ფიზიკურ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი.
პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გოცირიძეს დარბაზის დატოვება ურჩია, თუმცა მან მითითება არ გაიზიარა. დარბაზში კამათი გრძელდება. "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"საზოგადოებას აქვს კითხვები, მაგრამ მათ პასუხის გაცემა არ სურ და ცდილობენ, ისრები ნიკა მელიასკენ გადაიტანონ. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან ცუდია, ესაა ნაბიჯი, რომელიც ამ პრობლებას ვერ მოაგვარებს და ხელისუფლებას კიდევ უფრო მოწყვეტს ხალხს. ისინი ხედავენ იმას, რაც აწყობთ, რათა აამონ თავიან პოლიტიკურ ლიდერს და გადაარჩინონ გახარია",– განაცხადა კაპანაძემ.