
"წითელი ჯვარი" ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის საშუალება მისცენ
13/10/2020 09:57:16 კავკასია
"წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაკავებულებისა და გარდაცვლილების ცხედრების გაცვლის პროცესის განხორციელების საშუალება მისცენ.
”დღემდე ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს მხარეებთან, მაგრამ ჯერ–ჯერობით მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეული არ არის“,- განაცხადა "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა მარტინ შუეპმა.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.