
"პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა"
13/10/2020 17:11:23 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თავის პრემიერ-მინისტრობის დროს იმედოვნებდა, რომ დავით გარეჯის საკითხი პროფესიონალურად იყო გამოკვლეული და პასუხისმგებელმა პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობდა.
კითხვაზე, "იყო თუ არა საკითხთან დაკავშირებით მისი ნდობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კეთილსინდისიერების იმედზე დამყარებული?", ნოღაიდელმა განაცხადა, რომ "დიახ, ეს მისი უშუალო პასუხისმგებლობა იყო".
"იმედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, რუკა თუ არგუმენტი, არ არსებობდა. პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005 2007 წლებში განხილულა სადმე, დღესაც და 13 წლის მერეც, წინასაარჩევნოდ და ამის მერეც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ეს საკითხი უნდა გაირკვეს ნამდვილად - ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა. იგი “კარტოგრაფების საქმეზე” პროკურატურაში გუშინ გამოკითხეს. 12 ოქტომბერს სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში გავრცელდა ზურაბ ნოღაიდელის წერილი, რომელსაც აზერბაიჯანის იმჟამინდელ პრემიერს წერს. წერილში საქართველოს ექს–პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგას დახმარებას სთხოვს დავით გარეჯის კომპლექსის იმ ძეგლების რეაბილიტაციის საკითხში, რომელიც “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება”. დღეს ნოღაიდელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი "წერილის ამოცანა და დანიშნულება იყო სალოცავების [ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი] რესტავრაცია".