Accentnews.ge
"ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება"

"ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება"

25/06/2019 16:34:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გრიგოლ ვაშაძე ენმ–ის წევრ ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში დაპატიმრების სერიებს აანონსებს. ამის შესახებ მან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

„უკვე გამოაცხადეს, რომ აპატიმრებენ არა გაერთიანებული ოპოზიციის, მაგრამ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება. განწირული ხელისუფლებისთვის ყველაზე მთავარი არის ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ქუჩაში ერთმანეთზე თავპირის მტვრევასა და სასამართლო პროცესებზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ ისინი საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ. ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრს, ნიკა მელია გამოიტანეს ხელით პარლამენტიდან და ჩამოუშვეს ქვემოთ ქუჩაში. ერთადერთი რაც თქვა ამ ადამიანმა, იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ვინახავთ და ამ სადამსჯელო რაზმსაც ჩვენი ფულით ვინახავთ.

არაფერი აღარ უშველის ამ ხელისუფლებას, რადგან აღმოჩნდა, რომ სახალხო პროტესტის მეექვსე დღეს ვერ გაიგეს მარტივი რაღაც. ნიკა მელიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გაერთიანებულ ოპოზიციას და კონსოლიდირებულ ოპოზიციას კი არ არიან დაპირისპირებული, დაპირისპირებული არიან საქართველოს მოქალაქესთან. საქართველოს მოქალაქე არ აპატიებს მათ იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის მაგივრად იწყება რეპრესიები და ბოლშევიკური ტერორი. იმიტომ არიან 90-იანი წლების მემკვიდრეები, რომ სტალინის სისხლი უჩქეფთ ძარღვებში და ჰგონიათ, რომ ციხით, დაპატიმრებით, სასამართლოთი რაღაცას მიაღწევენ. რასაც მიაღწევენ, ამასაც ვნახავთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის: პროკურატურამ მელიას ბრალი წარუდგინა და მისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას ითხოვს. საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S