Accentnews.ge
რა ტიპის შეზღუდვებია მოსალოდნელი თბილისში

რა ტიპის შეზღუდვებია მოსალოდნელი თბილისში

14/10/2020 07:37:39 საზოგადოება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გლობალური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, მაგრამ იქნება „წერტილოვანი აკრძალვები“, მათ შორის თბილისშიც.

"როდესაც ვთქვით, აგვიფეთქდა აჭარაში (ეპიდსიტუაცია) სწავლა დისტანციურზე გადავიდა, შიდატრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, რესტორნები ადრე დაიხურა და ეს გრძელდება – ამ ტიპის წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში იქნება. არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისშიც", - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი განაცხადა, რომ თბილისში შეზღუდვების დაწესების თაობაზე მსჯელობა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ „ლოკალური შეზღუდვები კარგად მუშაობს“:

გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“.

ამასთან, მინისტრის თქმით, დაავადებულების რიცხვი არ იქნება გადამწყვეტი შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებისთვის:

„ვიხილავთ როგორც საწოლფონდს, ასევე ინფიცირებულების და მძიმე პაციენტების, ამასთან კოვიდ–სასტუმროების რაოდენობას და ამის ჯამური შედეგიდან გამომდინარე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას“.

ტიკარაძე ირწმუნება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს:

„საწოლების მობილიზაციის კუთხით კვლავ აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ ეტაპისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, თუმცა, ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და მობილიზებული იქნება საჭიროების შემთხევაში, 2000-მდე საწოლი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები პაციენტებთან და ასევე კოვიდსასტუმროების ფუნქციონირება. აქტიური პაციენტების უმეტესობა მკურნალობს როგორც კოვიდსასტუმროში, ასევე ბინაზე. ამ ეტაპისთვის მხოლოდ კლინიკაში განთავსებული არის 2200-მდე პაციენტი, რომელიც გადის ინტენსიურ მკურნალობას კოვიდის მიმართულებით კლინიკის სივრცეში.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პაციენტები როგორც ინფიცირდებიან, ასევე ჯანმრთელდებიან და გუშინ მხოლოდ აჭარაში გვყავდა 207 გამოჯანმთელებული, ამას ეწოდება ჯანდაცვაში საწოლბრუნვა. გამომდინარე აქედან, ინფიცირებულების მატება აუცილებელ შემთხვევაში არ გამოიწვევ საწოლების დეფიციტს. ჩვენ გვაქვს მობილიზებული 3500-მდე საწოლი ამ ეტაპისთვის და 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. არიან სატრიაჟე სივრცეშიც პაციენტები, რომლებიც ელოდებიან კოვიდის პასუხს, ან ელოდებიან ექიმის დამატებით ჩარევას იმისთვის, რომ გადაყვანილები იყვნენ სხვა პროფილის საავადმყოფოებში“.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პირი, 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 13 521 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 159 გამოჯანმრთელდა, ხოლო 109 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S