
გოცირიძე: "მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება"
25/06/2019 16:44:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე მისი კოლეგისთვის ბრალის წარდგენას.
„ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა, პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება, რომელმაც ამ თავის ლაქიებს, ბიუროზე მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს. მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს ისტორია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატის აზრით, ხელისუფლება გახარიას დასჯის ნაცვლად შოუს დგამს:
„შოუთი გახარიას პარლამენტში მოსვლის ამ გარკვეული პრელუდიით ზეიმი სურთ. ნიკა მელიას მხრიდან არავითარი მოწოდება არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხაზი გადაკვეთა. ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება – გადატანითი მნიშვნელობით, მას თითსაც ვერ დააკარებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.