
ერევანი: აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა დაბომბა
14/10/2020 08:24:07 კავკასია
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა დაბომბეს, - იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
«აზერბაიჯანული მხარე ხელმძღვანელობდა მხოლოდ ვარაუდით, რომ ამ ტექნიკას შესაძლოა, აზერბაიჯანულ დასახლებულ პუნქტებზე განეხორციელებინა იერიში. სომხეთის შეიარაღებული ძალები იტოვებენ უფლებას, აზერბაიჯანში ნებისმიერ სამხედრო ობიექტს შეუტიონ», – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მისივე მონაცემებით, დარტყმა განხორციელდა რაიონზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის ქალაქ ქარვაჩარს ესაზღვრება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სომხური მხარის კუთვნილი “კიდევ ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის განადგურების” შესახებ, რომელიც, მისი მონაცემებით, დღეს, გამთენიისას სასტარტო მდგომარეობაში იყო მოყვანილი და მიზანში გიანჯის დასახლებული პუნქტები და ინფრასტრუქტურა ჰქონდა ამოღებული.
ბაქო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა წერტილოვანი დარტყმები ტერიტორიაზე, რომელზეც სამოქალაქო ობიექტები არ არის”.