გამყრელიძის თქმით, არის პროგნოზი, რომ „COVID-19 იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ოთხი ყველაზე მკვლელი ინფექციური დაავადებაა“
14/10/2020 08:35:46 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვიდ-19“ იქნება კიდევ უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს და მან ხაზგასმით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაქცინამდე და ეტიოტროპულ წამლამდე დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ პირბადეა:
„არასწორია მოარული აზრი, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, მოგონილია, არის სურდოსავით და მალე გაივლის. არ არის ეს სწორი. სერიოზული დაავადებაა და მილიონი ადამიანი უკვე შეიწირა. არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ მილიონი იქნება... ეს იქნება კიდეც უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი - ეს ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს“.
გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია იძაბება, დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც რიცხობრივი თვალსაზრისით ძლიერია, თუმცა, სიმძიმის თვალსაზრისით შედარებით მსუბუქია.
„რომ შვეაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - აცხადებს გამყრელიძე.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პირი, 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 13 521 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 159 გამოჯანმრთელდა, ხოლო 109 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.


