
ფაშინიანი: “გრძელდება აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერორისტული ომი სომეხი ხალხის წინააღმდეგ»
14/10/2020 12:20:25 კავკასია
სომხეთმა უარი თქვა მოლაპარაკებათა ფორმულაზე, რომელიც ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლებას იგნორირებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხალხისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკვე 18 დღეა, “გრძელდება აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერორისტული ომი სომეხი ხალხის წინააღმდეგ”.
«დღეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, გავერკვეთ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში. მაგრამ ამისთვის უნდა გავიგოთ ჯერ ომის მიზეზები და პირობები. წინა წლებში მოლაპარაკებათა პროცესმა მიაღწია წერტილს, სადაც, არსობრივად, სომეხი ხალხის წინაშე აყენებდნენ პირობას, უარი ეთქვა საკუთარ უფლებებზე. აზერბაიჯანი მოითხოვდა [მთიანი ყარაბაღის ირგლივ] 7-დან 5 რაიონის ჩაბარებას, დარჩენილ 2-თან დაკავშირებით კი წარმოადგინა ჩაბარების გრაფიკი და მოითხოვდა, დაფიქსირებულიყო, რომ ყარაბაღის ნებისმიერი სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ამასთან, შემოთავაზებულ ფორმულაში ტერიტორიების ჩაბარება უნდა მომხდარიყო არა სტატუსის, არამედ მშვიდობის სანაცვლოდ, - წინააღმდეგ შემთხვევაში ბაქო ომით იმუქრებოდა», – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, “როცა სომხეთი ცდილობდა, დაეფიქსირებინა, რომ ყარაბაღის მკაფიო სტატუსის გარეშე დარეგულირება შეუძლებელია, აზერბაიჯანი უკუაგდებდა სტატუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ სერიოზულ განხილვას”.
«ჩვენმა მთავრობამ, რომელსაც მოლაპარაკებათა მსგავსი ბაზა მემკვიდრეობად ერგო, უარი თქვა საკითხების ამ ფორმით განხილვაზე, ჩათვალა რა ეს სრულიად მიუღებლად», – განმარტა პრემიერმა.
ამასთან, მისივე თქმით, “ყარაბაღთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს “მიუნჰენის შეთქმულება”.
“საერთაშორისო ძალები და ორგანიზაციები არ რეაგირებენ მიმდინარე მოვლენებზე, თვლიან რა, რომ ფორმულა “ტერიტორიები – მშვიდობის სანაცვლოდ» მისაღები იქნება. ეს ძალიან ჰგავს 1938 წლის “მიუნჰების შეთქმულებას”, როდესაც ვითომდა მშვიდობისთვის გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიები გადაეცა. რა მოხდა შემდეგ – ყველამ ვიცით. კითხვა იმაში მდგომარეობს, დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის გაჩენას, ამჯერად – მცირე აზიაში», – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
- მიუხედავად ყველაფრისა, ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ «თურქეთ-აზერბაიჯანის ტერორისტულ კავშირს ყარაბაღში ბლიცკრიგი არ გაუვა”.
- მთიან ყარაბაღში ვითარება მკვეთრად 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს. ორივე მხარე იუწყება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ და ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.
- სომხურმა მხარემ უკვე 532 მებრძოლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ყარაბაღის ომბუდსმენმა ართაკ ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულია, სულ მცირე, 31 ადამიანი.თავის მხრივ, ბაქო სომხეთის მოქმედებების შედეგად 43 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვისა და 214 დაჭრის შესახებ იუწყება. სამხედრო პირებს შორის თავის დანაკარგს ბაქო არ ამხელს.