Accentnews.ge
„კარტოგრაფების საქმე“: დარსალია ამბობს, „ახალ რუქებზე“ შუალედური დასკვნა საერთაშორისო ექსპერტებმაც დადეს

„კარტოგრაფების საქმე“: დარსალია ამბობს, „ახალ რუქებზე“ შუალედური დასკვნა საერთაშორისო ექსპერტებმაც დადეს

14/10/2020 12:35:44 კავკასია, საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში მოპოვებული რუქა-მასალები და ანალიტიკური დოკუმენტები საერთაშორისო ექსპერტებს გააცნო. საუბარია რუქებზე, რომლებიც თავდავის სამინისტროს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა და რომლის საფუძველზეც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დარსალიას ცნობით, არსებობს შუალედური დასკვნა, რომ ხსენებული მასალები, მათ შორის 1:200 000 მასშტაბის რუქა აზერბაიჯანთან საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პოზიციებს ამყარებს.

“ჩვენ ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, კონსულტანტებთან, იურიდიულ ფირმებთანაც და გარკვეული შეფასება მათაც ვთხოვეთ. მათ შორის იყო იურიდიული ფირმა შერმან ენდ სტერლინგი (Shearman & Sterling)”, – აცხადებს დარსალია.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო კონსულტანტებისაგან შეფასება სექტემბრის მეორე ნახევარში მიიღო და ამის შემდეგ ეს მასალები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა:

“შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანული კომისია დაიწყებდნენ ამ მასალების შესწავლას და შემდგომ სხდომებზე მოხდებოდა ამ მასალების განხილვა და გამოყენება კომისიის მუშაობისთვის”.

მისივე თქმით, საერთაშორისო დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ 1:200 00-იანი მასშტაბის რუქა 1938 წლის შეთანხმების ნაწილია, რომლითაც საბჭოთა საქართველომ და საბჭოთა აზერბაიჯანმა საზღვრები დაადგინეს.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა კი ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუქა, მხარეებს „საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად, 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის“. ილიჩოვა განმარტავს, რომ სწორედ ამ მოტივითარ მიიჩნევდა ხსენებულ რუქაზე საუბარს, თუმცა თავად რუქა არავისთვის დაუმალავს.

ცნობისთვის: პროკურატურა მელაშვილს და ილიჩოვას ედავება, რომ კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ აღნიშნულ ინფორმაციას. ხსენებული რუკის დედანი, პროკურატურის თქმით, აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

გარდა ამისა, პროკურატურის პოზიციის მიხედვით, 1938 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუქაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი და 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა სწორედ 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

“ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუქებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – აცხადებს პროკურატურა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული მონაკვეთები არ ეხება უშუალოდ დავით–გარეჯის კომპლექსში შემავალ ისტორიულ ძეგლებს. ეს მონაკვეთები მხარეებს შორის დღემდე შეუთანხმებელია. ივერი მელაშვილის პოზიციაა, რომ რუქა, რომლის გამოუყენებლობასაც მას კომისიის მუშაობაში ედავებიან, ხარვეზიანია და მას ქართული მხარე მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდა.

რაც შეეხება თავად დაკავებული კარტოგრაფების ბრალეულობას, დარსალია კითხვას არ პასუხობს.

"ბატონ ივერისთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჩვენთვის არის ძალიან მძიმე, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ სიმართლე იქნას ბოლომდე გარკვეული, ამასთან დაკავშირებით ბატონმა დავით ზალკალიანმაც ისაუბრა, ადამიანურადაც და იურიდიულადაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ინსტიტუტისთვის, ასევე პიროვნებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა", - ასე უპასუხა დარსალიამ კითხვას, კონკრეტულად რაში მდგომარეობს სამინისტროს თანამშრომლის ივერი მელაშვილის დანაშაული იმ შემთხვევაში, თუკი ის იმ დოკუმენტებით მუშაობდა, რომელზეც შეთანხმება არსებობდა როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე შიგნით კომისიაში.

ლაშა დარსალიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ივერი მელაშვილს შეეძლო თუ არა, საზღვრების დადგენის საქმეში დანაშაული ქვეყნის საწინააღმდეგოდ სადავო მიწების შესახებ დამოუკიდებლად ჩაედინა თუკი ის იმ წესებით მოქმედებდა, რაც კომისიას ჰქონდა დადგენილი და შეთანხმებული იყო მის უშუალო ხელმძღვანელთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S