ჩალაძე – ეპიდვითარებაზე: „ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად გვაქვს!“

14-10-2020 22:23:03 საზოგადოება

ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად გვაქვს,– ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და ამ მიმართულებით მოსალოდნელ რისკებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე.

როგორც ჩალაძე განმარტავს, „გადაწყვეტილებები, რომელმაც ეკონომიკის მოსპობა და ქვეყნის მომავლის განადგურება გამოიწვია, ფეხქვეშ ითელება“, რადგან, მისი შეფასებით, პასუხისმგებელი პირები არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას თავს არიდებენ:

„დღეს რომ არ წესდება შეზღუდვები, ადამიანების წინააღმდეგ დანაშაულია, ადამიანების ჯანმრთელობით თამაში და პოლიტიკური კეკლუცობაა. როდესაც არ იყო ისეთი საფრთხე, როგორიც დღეს, ქვეყანა მოსპეს: ჩავკეტეთ და გვეშინოდა რომ დავიღუპებოდით. ჩვენ დღეს დავიღუპეთ: დღევანდელი ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, რაც ჩვენთან ხდება“.

როგორც ჩალაძე განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც ვაქცინა არ გვაქვს, გადარჩენის მეორე გზა პოპულაციური იმუნიტეტია. პოპულაციური იმუნიტეტისთვის კი მინიმალური ზღვარი 20–30%–ია, იდეალურ შემთხვევაში – 80%.

მოსახლეობის 80%–ის კორონავირუსული ინფექციით დაავადებით შემთხვევაში, ჩალაძე ფიქრობს, რომ „ქვეყანა ვერ გადარჩება“. რაც შეეხება 30%–ს, არც ამ შემთხვევაში აქვს ჩალაძეს პოზიტიური პროგნოზი:

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3,5 მილიონია და თუ ყველაზე კარგ შემთხვევაში, მათგან 30% უნდა დაავადდეს, ეს 1 მილიონი ადამიანია. სტატისტიკით, აქედან 2% კრიტიკულია [კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი], 11% – მძიმე. 1 მილიონის 2% 21 ათასია, ხოლო 11% – 110 000. როგორ გგონიათ, საქართველოს ჯანდაცვას რამდენი კრიტიკული საწოლი აქვს მზად? გავუძლებთ ერთდროულად 130 00 მძიმე და კრიტიკულ პაციენტს?“.

ჩალაძე გამოსავალს სწორ, მიზანმიმართულ შეზღუდვებში და საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციაში ხედავს.

„საჭიროა მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, არა სამთავრობო შეკრებებიდან ჭკვიანური სახეებით საუბარი, არამედ ხალხისთვის გასაგებ ენაზე – რა უნდა გააკეთონ, როგორ გადაირჩინონ თავი. ფორმულა მარტივია: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს, არ გვაქვს ფუფუნება, არ ვართ შოტლანდია, ნორვეგია, ირლანდია, ამიტომ ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალება პირბადე, ჰიგიენა და თვითშეგნების ამაღლებაა. ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ქალაქში ყოველი არასაჭირო მოძრაობა, შეკრებები და ჰიგიენის დაუცველობა იწვევს ადამიანების დასნებოვნებას. ერთი ადამიანი მინიმუმ, 10 ადამიანს ასნებოვნებს. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და ამას ვერ გაუძლებს განსაკუთრებით, ჩვენი სატესტო სისტემა“.

ჩალაძე ტესტირების კუთხით პრობლემების არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები ფულის კეთების საშუალებად იქცა, თავად ლაბორატორიების შემთხვევაში აქცენტი არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე გაკეთდა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა სავალალო შეცდომა დაუშვა: დიაგნოსტირების კომპონენტში არ უნდა ჩაერთონ ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ. ლაბორატორიები სტუდენტებითაა გავსებული, შექმნილია უამრავი ლაბორატორია, რომელიც დღეში 1000 ანალიზს აკეთებს ისე, რომ ვერც გაუაზრებიათ, რასთან აქვთ შეხება –მხოლოდ მრუდის ამოსვლას უყურებენ. მრუდის ამოსვლა ლაბორატორიულ მედიცინაში დამაქცეველია.

დღეს მეხინკლეების და მექაბაბეების მიერ გახსნილი ლაბორატორიები მივიღეთ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე აღმოცენდნენ. მკაცრად უნდა შემოწმდეს ლაბორატორიები და ხალხი, როდის დაიწყეს ბიზნესი, იციან თუ არა რასთან აქვთ საქმე და რა ტექნოლოგიით და აპარატურით მუშაობენ“,– განაცხადა ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, რომ „ურემი ჯერ არ გადაბრუნებულა, ამიტომ არაპროფესიონალები სისტემას უნდა ჩამოშორდნენ“.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პირი, 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 13 521 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 159 გამოჯანმრთელდა, ხოლო 109 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები