
ახალგორში პედაგოგი გარდაიცვალა, რომელსაც საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს
15/10/2020 08:21:59 კონფლიქტები
ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში არასრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გამო კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ახალგორის #1 საშუალო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ვერა კოტოლოვა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ოკუპირებულ დაბაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის საშუალება არ იყო, 14 ოქტომბერს, ღამით გარდაიცვალა.
კოტოლოვას ახლობლების ინფორმაციით, ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგორში, თუმცა მათ საშუალება არ მისცეს, პაციენტს ოკუპირებული დაბა დაეტოვებინა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ემკურნალა.
ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მას შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების საშუალება არ მისცეს.