Accentnews.ge
"The Washington Post": "ყარაბაღში 52 სირიელი მებრძოლი დაიღუპა"

"The Washington Post": "ყარაბაღში 52 სირიელი მებრძოლი დაიღუპა"

15/10/2020 10:22:58 კავკასია

მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებების დროს 52 სირიელი მებრძოლი დაიღუპა, – იუწყება "The Washington Post".

მისივე ცნობით, დაღუპულთა ოჯახის წევრები თურქეთ– სირიის საზღვართან შეიკრიბნენ, რათა დახვედროდნენ სპეციალურ სატვირთო მანქანას, რომლითაც მათი ახლობლების გვამები გადმოასვენეს.

"დაღუპულები თურქეთის მიერ დაქირავებული მებრძოლები არიან, რომლებიც ყარაბაღში აზერბაიჯანის სახელით სომხეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ", – აცხადებენ, "The Washington Post"–ს ცნობით, ნათესავები.

როგორც გამოცემა იუწყება, ყარაბაღის ბრძოლაში ჩართვის სანაცვლოდ მებრძოლს 2000 აშშ დოლარის გადახდას ჰპირდებიან.

"ასობით მებრძოლია წასული და უკან ათობითაა დაბრუნებული, რომლებიც ამბობენ, რომ ადგილზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს", – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

ბაქოც და ანკარაც ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელი მებრძოლების სავარაუდო ჩართულობის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

14 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"გვეუბნებიან, "შენ იქ სირიელი მებრძოლები გაგზავნეო". სირიელ მებრძოლებს თავის ქვეყანაში აქვთ სამუშაო და ისინი არ წავლენ იქ".

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S