
თურნავას თქმით, საქართველოში ამერიკული IT კომპანია EPAM შემოდის
15/10/2020 12:42:42 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებამ, კერძოდ გარკვეული დარგის კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ზე დაწევამ, უკვე გამოიღო პირველი დადებითი შედეგი - საქართველოში ძალიან მსხვილი ამერიკული IT კომპანია EPAM შემოდის.
როგორც მინისტრი ამბობს, კომპანია საქართველოში საკუთარ ოფისს გახსნის და სულ მცირე, 1000-მდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის.
„კომპანია საქართველოში თავისი ბიზნესის რელოკაციას ახდენს, უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს მომავალში კი EPAM-ის გეგმებში საქართველოში სულ მცირე 1000-მდე ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა შედის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, EPAM-ი მსხვილი ამერიკული აიტიკომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.