Accentnews.ge
ცხინვალი: “რუსეთთან საზღვრის დემარკაცია პრაქტიკულად დასრულებულია”

ცხინვალი: “რუსეთთან საზღვრის დემარკაცია პრაქტიკულად დასრულებულია”

15/10/2020 14:50:30 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, “რუსეთთან საზღვრის დემარკაცია პრაქტიკულად დასრულებულია”. ამის შესახებ მან “ორმხრივი ერთობლივი სადემარკაციო კომისიის” სხდომაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა.

«მინდა, მადლიერება გამოვხატო ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც ესოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ფაქტობრივად, მივედით მის დასრულებამდე. მაგრამ ეს პროცესები არ უნდა იყოს აღქმული, როგორც რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების გამიჯნვა. ჩვენ ვერ ვხედავთ სამხრეთ ოსეთს რუსეთს მიღმა და ვერ ვხედავთ გაყოფილად ჩრდლოეთ და სამხრეთ ოსეთად. ოსეთი ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება ერთიანი», – განაცხადა ბიბილოვმა.

რუსული მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, “როსრეესტრის” გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის, ასევე იმავე უწყების საკადასტრო სამუშაოებისა და მიწათმოწყობის სამმართველოს წარმომადგენლებმა.

კომისიის რუსული ნაწილის ხელმძღვანელმა ვადიმ პოსტნოვმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა “ყოველთვის ურთიერთგაგების ტალღაზე ხორციელდებოდა”.

«ჩვენ ვასრულებთ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაში გათვალისწინებულ სამუშაოს, რომელიც ორივე მხარის სპეცდავალებებს მოიცავს. ჩვენი აქ ყოფნა ყოველთვის აღინიშნებოდა მეგობრობის დიდი გრძნობით, და ყველა ჩვენი შეხვედრა დიდი კმაყოფილებით სრულდება», – დასძინა მან.

ე.წ. “სამხრეთ ოსეთმა” დამოუკიდებლობა 1992 წლის 29 მაისს გამოაცხადა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი არაღიარებული სუბიექტის სტატუსით რჩებოდა. საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” ჯერ რუსეთის ფედერაციამ აღიარა, ხოლო შემდგომში მისი “ხელდასმით” გაერო-ს წევრმა კიდევ 6-მა ქვეყანამ (ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ვანუატუ, ტუვალუ, სირია).

ფართო საერთაშორისო აღიარება ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” არ მოუპოვებია. შემდგომში 7 ქვეყნიდან ორმა – ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარების გადაწყვეტილებები უკან გაიწვიეს. ამგვარად, ამ დროისთვის ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” გაერო-ს წევრი 5 სახელმწიფოს და არაღიარებული/ნაწილობრივ აღიარებული 7 წარმონაქმნის მიერაა აღიარებული. ბოლო, ვინც ის აღიარა (2018 წლის მაისი), სამოქალაქო ომგამოვლილი სირიის არაბული რესპუბლიკა იყო.

ოფიციალური თბილისი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ქვეყნის კონსტიტუციაში იგი “სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქადაა” მოხსენიებული, რიგ სხვა დოკუმენტებში – “ცხინვალის რეგიონად”. “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის თანახმად, ცხინვალის რეგიონი მიჩნეულია ოკუპირებულად რუსეთის მიერ, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

გაერო-ს საერთაშორისო დოკუმენტებში ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს ტერიტორიადაა მოხსენიებული. დასავლეთის სახელმწიფოებსა და ნატო-ს არაერთგზის მოუწოდებიათ რუსეთისთვის, გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S