
პოლიცია მეტროს სადგურებთან რეკომენდაციების დაცვას გააკონტროლებს
15/10/2020 16:06:40 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს.
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს დაემორჩილონ.
"თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 გარდაიცვალა.