
ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ჯარმა ყარაბაღში 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო
15/10/2020 17:56:50 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მისი ქვეყნის ჯარმა ყარაბაღში 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო.
"სექტემბრის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანის ჯარმა ყარაბაღში 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავა", – განაცხადა ალიევმა თურქულ ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი სამხედრო კონფლიქტში არ მონაწილეობს.
მისივე თქმით, ბაქოს და ანკარას არასოდეს განუხილავთ აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი.
ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.