გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

16-10-2020 11:07:06 მსოფლიო

გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7 334 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. მისივე ცნობით, იზრდება იმ კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, რომელთაც მართვით სუნთქვაზე გადაყვანა ესაჭიროებათ. თუ გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით მართვით სუნთქვაზე 487 ადამიანი იყო, სადღეისოდ მათი რაოდენობა 655–მდე გაიზარდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსს 9 734 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 340 000–ზე მეტი შემთხვევა.

რაც შეეხება იტალიას, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8 804 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიის რეგიონშია, სადაც ვირუსის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის იტალიის მაშტაბით საავადმყოფოებში 5 796 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან 586 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 36 372 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 381 602 შემთხვევა.

Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვნებელი დაფიქსირდა საფრანგეთში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 30 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დროისთვის 1 750 პოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსს 33 125 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 800 000–ზე მეტი შემთხვევა.

ესპანეთში, სადაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ბოლო 24 საათში დაავადების 13 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსი 921 374 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებით 33 553 პირი გარდაიცვალა.

ხსენებულ ქვეყნებში გარკვეული შეზღუდვები უკვე მოქმედებს, თუმცა მთავრობები დამატებითი ზომების გატარებას არ გამორიცხავენ, რათა ეკონომიკის ხელმეორედ გაჩერება აიცილონ თავიდან.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 103 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 39 000 000–ზე მეტი ადამიანი, 29 387 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები