ჯანმოს თქმით, "რემდესივირი" კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში არ ეხმარება, "გილეადი" კი ამ დასკვნას "ნაადრევს" უწოდებს

16-10-2020 16:49:33 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამერიკული კომპანია "გილეადის" მიერ შექმნილი პრეპარატი "რემდესივირი" კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში არ ეხმარება.

კერძოდ, ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ "სოლიდარობის კვლევის" შედეგებში აღნიშნულია, რომ კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების „რემდესივირით" მკურნალობა ძალიან მცირე შედეგის მომტანი ან საერთოდ უშედეგოა.

როგორც ამერიკულმა კომპანიამ Reuters–ს განუცხადა, "ჯანმოს მონაცემები შეუსაბამოა და დასკვნები ნაადრევი".

"გილეადი" აცხადებს, რომ მის მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი „რემდესივირი" 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ გადაუდებელ შემთხვევებში COVID-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენება დასაშვებად გამოაცხადა. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმაც.

ცნობილია, რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა, სხვა პრეპარატებთან ერთად "რემდესივირითაც" მკურნალობდნენ. პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტრამპი დაავადებისგან განიკურნა.

რაც შეეხება საქართველოს, 12 ოქტომბერს თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ 25– 30 ოქტომბრიდან საქართველოს კოვიდ–ინფიცირებულ მოქალქეებს "რემდისივირით" მკურნალობის საშუალება ექნებათ და მას მხოლოდ მძიმე პაციენტებში გამოიყენებენ.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 103 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 39 000 000–ზე მეტი ადამიანი, 29 387 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები