
ბაქო: "პომპეოს განცხადება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსს არ შეესაბამება"
16/10/2020 14:08:11 კავკასია
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გუშინდელი კომენტარი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსს არ შეესაბამება.
"აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კომენტარი არ მოდის შესაბამისობაში აშშ-ის მთავრობის მიერ კონფლიქტზე აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან. ამასთან, პომპეოს განცხადება არ შეესაბამება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსს", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, "სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში თურქეთის ჩართულობა რეგიონში რისკს ზრდის".
"თურქეთი კონფლიქტში ჩაერია და აზერბაიჯანს რესურსები მიაწოდა, რითაც გაიზარდა რისკი, გაიზარდა საბრძოლო ძალა ამ ისტორიულ ბრძოლაში",- განაცხადა პომპეომ 15 ოქტომბერს "WSB Atlanta"–ს ეთერში.
მისივე თქმით, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
მან მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.