Accentnews.ge
COVID-19 საქართველოში: რამდენი საწოლის მობილიზება და ექიმის გადამზადება შეძლო სახელმწიფომ

COVID-19 საქართველოში: რამდენი საწოლის მობილიზება და ექიმის გადამზადება შეძლო სახელმწიფომ

16/10/2020 14:20:03 საზოგადოება

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, სახელმწიფო კლინიკებს მობილიზებული საწოლფონდის გარდა კორონავირუსით ინფიცირებული და ცხელების მქონე პაციენტების მკურნალობას აუნაზღაურებს.

მისივე განცხადებით, გაგადაწყვეტილება კლინიკებისთვის ფინანსური პრობლემების თავიდან არიდების მიზნით მიიღეს.

"გარკვეული მხარდაჭერის მექანიზმები შემოვიღეთ სახელმწიფოს მხრიდან. იმისთვის, რომ მობილიზებული საწოლების ფონზე კლინიკამ შეძლოს და გააგრძელოს ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში და არ შეექმნას გარკვეული ფინანსური პრობლემები, სახელმწიფოს მხრიდან ეს კლინიკები მობილიზებული საწოლფონდის ანაზღაურებას იღებენ. გარდა ამისა, მათ აუნაზღაურდებათ, როგორც კოვიდ დადასტურებული შემთხვევის, ასევე ცხელების მქონე პაციენტების მკურნალობის ღირებულება ადგილზე", - აცხადებს ეკატერინე ადამია.

ამასთან, ადამია ამბობს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. კერძოდ, როგორც ადამია ამბობს, საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით შემდეგია:

  • თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა 1987 საწოლით,
  • აჭარაში - 11 კლინიკა 731 საწოლით
  • იმერეთში – 10 კლინიკა 644 საწოლით,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა 190 საწოლით,
  • შიდა ქართლში ერთი კლინიკა 164 საწოლით,
  • მცხეთა-თიანეთში ერთი კლინიკა 111 საწოლით,
  • გურიაში ერთი კლინიკა 21 საწოლით.

„ქვეყანაში 2 453 სასუნთქი აპარატია მობილიზებული; გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი და 2 300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა 2 044 -ზე მეტ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდ დადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდ სასტუმრო, სადაც დღეისათვის 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხაც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, ჩავრთოთ პროცესში. ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს. ქვეყნის მასშტაბით სულ გვაქვს 17 400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის ინტენსიური თერაპიის და გადაუდებელი მედიცინის საწოლი არის 2 290, ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის ინფექციონისტი არის 500-მდე, ხოლო რეანიმატოლოგი 1 400-ზე მეტი. ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია,“- განაცხადა ადამიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული სახელფასო დანამატი ამოქმედდება:

"სამედიცინო პერსონალზე გათვალისწინებულია სახელფასო დანამატი, რომელიც უახლოეს დღეებში ამოქმედდება და ექიმებს ექნებათ დამატებითი რესურსის მიღების შესაძლებლობა იმ დატვირთვის გათვალისწინებით, რასაც ისინი ნამდვილად ახორციელებენ ამ გმირულ საქმეში, რასაც კოვიდთან ბრძოლა ჰქვია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S