ერევანს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

16-10-2020 19:19:42 კავკასია

დღეს, 16 ოქტომბერს ერევანში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა,– იუწყება სომხური გამოცემა news.am.

გამოცემის ცნობით, ბერძენმა დიპლომატმა სომეხთა გენოციდის მემორიალი მოინახულა და სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა.

საბერძნეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მინისტრი ნიკოს დენდიასი სომხეთში ვიზიტისას განიხილავს მთიანი ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ღმელთაშუაზღვაში მიმდინარე პროცესებს, ასევე, საბერძნეთის, ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებს.

დაგეგმილია ბერძენი დიპლომატის ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაც.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები