ლომჯარია: "უპასუხისმგებლობაა ბათუმში უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად ათასობით ადამიანის შეკრება"

17-10-2020 11:11:53 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ორგანიზატორების მხრიდან უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებაა ბათუმში უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად ათასობით ადამიანის შეკრება. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში სახალხო დამცველი პანდემიის ფონზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს და ამ კონტექსტში ეხება წინასაარჩევნო კამპანიის საკითხსაც.

"ვრისკავთ თუ არა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ადამიანების სიცოცხლეს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების გამო? ამ შეკითხვას რომ პასუხი გაეცეს საკითხი შემდეგნაირად უნდა დაისვას-შეიძლება თუ არა წინასაარჩევნო ღონისძიებები და კენჭისყრის დღე გახდეს ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების საფრთხე. თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, დემოკრატიულმა ქვეყნებმა არჩევნები ძირითადად მარტისა და აპრილის თვეებში გადადეს, ვინაიდან შემოღებული აკრძალვების ფონზე კამპანიის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელი იყო, ასევე, არჩევნების დღე შეიცავდა მაღალ რისკს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით (მაგ. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, იტალია). იქ სადაც ჩატარდა არჩევნები, შემოღებული იყო უსაფრთხოების რეგულაციები (დაახლოებით მსგავსი იმისა, რის შემოღებასაც ცესკო არჩევნების დღეს აპირებს). თუმცა, ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნებში შესაძლებელი იყო ხმის მიცემის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება (ონლაინ ხმის მიცემა, ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა). ამან მნიშვნელოვნად განტვირთა არჩევნების დღეს უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა და შეამცირა ვირუსის გავრცელების რისკები. (ისრაელი, სამხრეთ კორეა, კანადა, ავსტრალია, გერმანია). რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობები, ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ა. საარჩევნო უბნის შესასვლელებთან გადატვირთულობა, რაც შექმნის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს; ბ. ამომრჩევლის პასიურობის შემთხვევაში, გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი“, - წერს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ამომრჩეველი სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე დგას და შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს ვალდებულებაა ადამიანების სიცოცხლე დაიცვას.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა და უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება:

„მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნებში, სადაც მკაცრი წესებიც მოქმედებს და საზოგადოებაც მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანია, სამედიცინო სექტორი მეტნაკლებად მომზადებული, ხმის მიცემის ალტერნატიული გზები გამართული, არჩევნების ჩატარება სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე შესაძლებელია, ხოლო დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციების და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ვფიქრობ, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე ვართ. ფაქტია, ამ საკითხებზე მეტი კვალიფიციური და პოლიტიკური მოტივაციებისგან დაცლილი მსჯელობაა საჭირო და შეიძლება მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები“.

16 ოქტომბერს, როცა აჭარა "წითელი ზონაა" და კორონავირუსი 342 ადამიანს დაუდასტურდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები