
„მტრის მცდელობის მიუხედავად, ენგურჰესი არის ერთიანი, ჩვენ აქ ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს შენარჩუნებული“
13/05/2019 11:53:54 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესი არის ერთიანი, სადაც ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა აქვს შენარჩუნებული.
ამის შესახებ თურნავამ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მონახულებისას განაცხადა.
„ენგურჰესი ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა. მრავალი წელია, ის ელექტროენერგიას ოკუპირებულ აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს აწვდის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მცირეთაგანი იმ ძაფებისგან, რაც ჩვენ დაგვრჩა და გვაერთიანებს ჩვენ აფხაზ დებთან და ძმებთან. უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ძაფებს. მტრის მცდელობის მიუხედავად, ენგურჰესი არის ერთიანი, ჩვენ აქ ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს შენარჩუნებული. ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის საკითხის გამოყენება მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ვაწვდით ელექტროენერგიას აფხაზ ძმებს, ისინი ისედაც რთულ ყოფაში არიან. ენგურჰესის ელექტროსისტემა იყო და არის ქვეყნის გამაერთიანებელი", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, აქტიური ტემპით გაგრძელდება ენგურისა და ვარდნილის ჰესების რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც 2018-2021 წლებში ენგურჰესზე დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური, ელექტრომექანიკური სამუშაოები და ენგურის წყალსაცავიდან დანალექი მასების ამოღება.
ენგურვარდნლიჰესის კასკადი ოთხი ჰესისაგან შედგება და მათგან დღეს მხოლოდ ერთი მუშაობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021