
"ნაციონალური მოძრაობა" მრავალრიცხოვანი აქციების ყველა მონაწილეს დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფს"
17/10/2020 14:27:57 საშინაო პოლიტიკა
საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ 16 ოქტომბერს გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მრავალრიცხოვანი აქციების ყველა მონაწილეს და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფს".
მისივე თქმით, მმართველი პარტიას "ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის მეშვეობით არჩევნებს გააყალბებს".
"ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება, უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით - ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული.. მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
იგი საქართველოს ხელისუფლებას "კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების არაეფექტიანობის გამო" აკრიტიკებს:
„როცა ვლაპარაკობთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად. კოვიდით დაინფიცირება, ახალი უპრეცედენტო რეგიონში რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტებმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება!".
სააკაშვილის განცხადებით, 16 ოქტომბრის აქცია ხალხის ერთიანობისა და შემართების ამაღელვებელი დემონსტრაცია იყო:
„ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ ნაციონალები რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის აქცია!“.
16 ოქტომბერს, როცა აჭარა "წითელი ზონაა" და კორონავირუსი 342 ადამიანს დაუდასტურდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც. აღნიშნულის გამო ენმ და "ძალა ერთობაშია" მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება" და სახალხო დამცველმა გააკრიტიკეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.