
ალიევმა ინტერვიუში საქართველო ორჯერ ახსენა
19/10/2020 15:02:55 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსულ ТАСС-თან ინტერვიუში სომხებისა და აზერბაიჯანელების თანაცხოვრების თემას შეეხო და განაცხადა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის საფუძველი შექმნა:
«ეს არის დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება, კომუნიკაციების გახსნა, სომხური და აზერბაიჯანული თემების თანაცხოვრება, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ზოგადად ადამიანურ მორალს. როდესაც სომხეთის ერთ-ერთი პრეზიდენტი საუბრობდა სომხებისა და აზერბაიჯანელების ეროვნულ შეუთავსებლობაზე, ეს კიდევ ერთი დემონსტრირება იყო ფაშისტური არსის. მაშ რატომ თანაცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები რუსეთში, რატომ აქვთ ერთობლივი ბიზნესი, შერეული ოჯახები? ისინი ასევე მშვიდობიანად თანაარსებობენ ზოგიერთ ქართულ სოფელში. რატომ ცხოვრობს ათასობით სომეხი აზერბაიჯანში ღირსეულად, როგორც ჩვენი თანამოქალაქე? ასე, რომ მსგავსი ფაშისტური თეზისები არ ემყარება არაფერს და ხელს არ უწყობს დარეგულირებას».
ალიევმა საქართველო რუსეთიდან სომხეთში იარაღის მიწოდების კონტექსტშიც ახსენა:
«ეს ახლა უმთავრესად უკანონოდ ხორციელდება. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ICAO-ს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კომპანიების სატრანსპორტო ხომალდებით (და ეს ყველაფერი ხელთ გვაქვს, პრესაშიც იყო), ჰუმანიტარული ტვირთებისა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ტვირთების საფარქვეშ სომხეთში იგზავნება სასიკვდილო შეიარაღება. ვინაიდან საქართველომაც, ირანმაც ჩაკეტეს თავისი საჰაერო სივრცეები სამხედრო ტვირთებისთვის, გამოიყენება აი ასეთი კონტრაბანდული მეთოდები».
ალიევის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა, ხვალვე შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ სომხეთი «მოლაპარაკებებზე კონსტრუქციულად დაიწყებს მოქცევას». ამასთან, მან გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვისთვის “მოსკოვში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას”.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა რუსულ მედიასთან საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც დააფიქსირა.