Accentnews.ge
შსს მოქალაქეებს მიმართავს, 112-ზე არამიზნობრივად არ დარეკონ

შსს მოქალაქეებს მიმართავს, 112-ზე არამიზნობრივად არ დარეკონ

20/10/2020 09:05:10 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, 112-ზე არამიზნობრივად არ დარეკონ.

უწყება განმარტავს, რომ 112-ზე მოქალაეებმა უნდა დარეკონ მხოლოდ მაშინ, როცა ესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, უნდა დაუკავშირდნენ კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან, ხოლო კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ მთავრობის "ცხელი ხაზის" შემდეგ ნომერზე: 144.

"როგორც მოგეხსენებათ, 112-ს კორონავირუსის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - ოჯახის ექიმებს გადაეცემა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება დატვირთვა. 112 განაგრძობს 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი სტანდარტის მომსახურება მიიღოს, როგორც გადაუდებელი შემთხვევის დროს, ასევე ვირუსთან დაკავშირებით. მოქალაქეებს კი, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. დარეკეთ, მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან. 112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს - 144. კორონავირუსის პანდემიამდე 112-ში 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ”, - აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S