
მელია პარლამენტში მივიდა: "მტერს არ ვუსურვებ, საპარლამეტო უმრავლესობის ადგილზე ყოფნას“
26/06/2019 07:20:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა.
"მე არ დავესწრები კომიტეტების სხდომას, მე დავესწრები პლენარულ სხდომას", – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, სახელმწიფო ბრალდებას, მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ აქვს.
“რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას? ახლა ვუსმენდი პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც თხოვნით საუბრობს, რომ იქნებ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილოთო. ეს გენერალური პროკურორი ჩვენ დავარქვით რომ გენერალური პროკურორია, თორემ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის რაღაც იურისტია. [...]რამდენი გაუკეთებიათ ასეთი, ეს არის პოლიტიკა ამ კაცის, ივანიშვილის, რომელიც დარწმუნებული ვარ, გვიყურებს, გაიღვიძა ახლა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად. ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია ძალიან მართალი ვარ. მთავარია ჩემი შვილი რომ გაიზრდება ის რას იფიქრებს და ის თაობა თორემ, ანრი ოხანაშვილი რას იფიქრებს ნაკლებად საინტერესოა", - განაცხადა მელიამ.
კითხვაზე, რას გააკეთებს დღეს საპარლამეტო უმრავლესობა, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „მტერს არ ვუსურვებ, მათ ადგილზე ყოფნას“.
ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს და იმისთვის, რომ პროკურატურამ მისი დაკავება ან ჩხრეკა შეძლოს, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ ამ საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში. თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ.