
რატომ ევროპა და არა რუსეთი?
21/10/2020 08:40:27 კონფლიქტები
უკვე მერამდენე თვეა, პანდემიის ფონზე სახლს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვტოვებ. 7-8 დღეში ერთხელ ვიმარაგებ პროდუქტს, სხვა აუცილებელ საქონელს, რაღა თქმა უნდა, პირბადეებსა და სადეზინფექციო საშუალებებს – და კვლავ ვირაზები ჩემს “ციხესიმაგრეში”. დაუგეგმავი გასვლების უფლებას თავს ძალზე იშვიათად ვაძლევ და ასეთ დროს, საკუთარი მანქანის არფლობის პირობებში ტაქსის მომსახურებით მიწევს სარგებლობა.
ტაქსის მძღოლები კი ჩვენში განსაკუთრებული კატეგორიაა. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად კარგი მოსაუბრე არაა, არც ერთნაირად თავაზიანი, პანდემიის პერიოდში ზოგიერთმა მგზავრობის ფასიც უსაშველოდ გაზარდა... მაგრამ მთლიანობაში, მიყვარს მათთან საუბარი. ისინი ხომ დღის განმავლობაში უამრავ კლიენტს ეკონტაქტებიან, ყველაზე ყველაფერი იციან (ხანდახან – არასწორად, არცთუ სანდო წყაროებიდან, მაგრამ მაინც) და, როგორც იტყვიან, ქვეყნის პულსზე აქვთ თითი – მშვენივრად იციან საზოგადოებრივი განწყობები. ამდენად, სიტყვაძუნწი მძღოლიც რომ შემხვდეს, თავად ვიტყუებ საუბარში…
ბოლო ჩემი მგზავრობა განსაკუთრებული აღმოჩნდა – პირველად შემხვდა მძღოლი, უკმაყოფილო იმით, რომ პატრული ქრთამს არ იღებს... “აქ უკვე თითქმის ექვსი თვეა, დავბრუნდი. მანამდე წლები რუსეთში გავატარე. მოსკოვიდან გამოვიქეცი, როცა პანდემიამ მეტისმეტად შემოგვიტია… აგერ, რამდენიმე დღის წინ დავლიეთ ბიჭებმა, ვიჯექით ერთხანს, ვიბაასეთ და დავიშალეთ. წამოვედი სახლში. უკვე კორპუსის ეზოში, როცა მანქანიდან გადმოვედი, პატრული მომადგა. საბუთები შემიმოწმეს და ის რაღაც გამომიწოდეს – ალკოტესტერი თუ რაცაა. ვუთხარი, ბიჭებო, სულ ცოტა მაქვს დალეული, თან რომ მოხვედით, საჭესთანაც კი აღარ ვიყავი და გაგიჭირდებათ დარღვევის დამტკიცება, ჰოდა აიღეთ აგერ ასი ლარი – და მშვდობიანად დავიშალოთ-მეთქი… არაფრით არ ქნეს! რა არის ახლა ეს? რა საჭიროა ასეთი სისულელის გამო ერთმანეთისთვის პრობლემის შექმნა? იქ – რუსეთში ასე არ ხდება, ყველაფერი უფრო მარტივია და იცით, მე იქ მიჯობს: დაარღვიე? - გადაიხადე ქრთამი! ესეც ხომ თავისებური დასჯაა? - ერთი-ორჯერ რომ გადაიხდი, კანონთან ზედმეტი პრობლემების გარეშე დაჭკვიანდები. თან იმ პოლიციელისთვისაც ხეირია – ოჯახი მანაც ხომ უნდა არჩინოს?!”…
შემდეგ ნელ-ნელა გადავიდა საბჭოური წარსულის მიმართ ნოსტალგიაზე: სიამოვნებით იხსენებდა “თბილისი-მოსკოვის” ავიარეისის 37-რუბლიან ბილეთს, იმას, თუ როგორ “აღმერთებდნენ ქართველ კაცებს რუსის ქალები”, რომ საერთოდაც, “სსრკ-ში ქართველები მეფეები იყვნენ”, რომ “ბინებიც უფასოდ რიგდებოდა, კორპუსებში გათბობაც უფასო იყო, სწავლაც, პროდუქტები კი - გაცილებით ხარისხიანიც და იაფიც”, როგორ “თავისუფლად იშოვებოდა კარგი ურთიერთობის დროს რუსეთში “ვითომ ღვინისა” და “ვითომ ბორჯომის” გატანით ფული”…
აი, საქართველოს ამჟამინდელი ყოფა კი მას, როგორც აღმოჩნდა, რთულად და მოჟამულად ესახება: “დიახ, აღარ არის “რკინის ფარდა” – გადი, სადაც გინდა, ნახე, რაც გინდა... დიახ, ქვეყანაში ფართო არჩევანი გაჩნდა, თანაც ყოველგვარი რიგების გარეშე... საკუთარი პროდუქციის ევროპაში გატანა და ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაც კია შესაძლებელი, მერე დაბრუნება და კარგი სამსახურის შოვნა – ის კი არა და თანამდებობასაც შეიძლება, გამოჰკრა ხელი... მაგრამ ეს ყველაფერი – კანონის, წესების, ნორმების მკაცრად დაცვის, მუხლჩაუხრელი შრომის პირობებში... მითხარით ახლა, ასეთები ვართ კავკასიელები? არის ეს ჩვენს ბუნებაში, თავი რაიმე მკაცრ ჩარჩოებში მოვიქციოთ, ყველაფერში წესებს დავემორჩილოთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ? - მე ამის არ მჯერა! და ნუ იტყვიან, რაკი ადრე სახელმწიფო კანონი არ კანონობდა, განუკითხაობა იყოო: თბილისის ლამის ყოველ უბანში იჯდა “კანონიერი ქურდი” და მშვენივრად არეგულირებდა ყველაფერს! თანაც მაშინ უმაღლესს ყველა ამთავრებდა – გონებაჩლუნგიც კი არ რჩებოდა უდიპლომოდ: ყველა ოჯახს ჰქონდა საშუალება, ფული შეეგროვებინა და შვილი უმაღლესში მოეწყო. ან მედიცინა ავიღოთ: შენ ფული თქვი, თორემ ცუდი ექიმები გვყავდა? - მისცემდი ფულს და ისეთ ოპერაციას ჩაგიტარებდნენ, მსოფლიოში რომ არსად კეთდებოდა! კი, ფულს რომ იღებდნენ, ცუდია, მაგრამ ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ, ოჯახები ჰყავდათ სარჩენი, რა ექნათ?!… და თუ ნაცნობი გყავდა გავლენიანი, მაშინ ხომ საერთოდ მეფურად იცხოვრებდი!... ახლა რა ხდება? - არც ერთი ნაცნობი ჩინოსანი არ გარისკავს, სადმე მოგაწყოს – ეშინიათ, ნეპოტიზმში არ დაადანაშაულონ და არ მოხსნან… სხვა დრო იყო ადრე, უკეთესი, ახლანდელი ადამიანური ურთიერთობები არ ჯდება ჩვენს ბუნებაში… მე პირადად რუსეთში მიჯობს – იქ თითქმის არაფერი შეცვლილა: გინდა, იცხოვრო? - უნდა გაინძრე, მიდგე, მოდგე, მაგრამ “გაიშნიკსაც” მოურიგდები და ნებისმიერ სხვასაც…”.
დისკუსიაში არ შევსულვარ – დროც აღარ იყო, დანიშნულების პუნქტს მივუახლოვდით. ამიტომაც თავი რუსეთის ამჟამინდელი ყოფის საკითხებში სრულ უვიცად მოვიკატუნე და მხოლოდ კითხვებით მივმართე: “და როგორაა იქ – რუსეთში, კანონის მსგავსი “უზენაესობის” პირობებში საქმე ადამიანის უფლებების მხრივ? თუ გრძნობთ თავს დაცულად იქ ყოფნისას? მაგალითად, თუ ვინმე, ვინც თქვენზე ძლიერია, თქვენზე გავლენიანი, თქვენს უფლებებს დაარღვევს, შეძლებთ მათ აღდგენას სასამართლოში? აქვთ რუსეთის რიგით მოქალაქეებს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ? სჯერათ სამართლიანობის? გრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის?”. პასუხი მოკლე იყო: “ამ მხრივ საქმე რთულადაა”…
ყოველი ჩვენგანი (სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ) თავად წყვეტს, რა უფრო მნიშვნელოვანია: შესაძლებლობა, პოლიციელს ქრთამის წყალობით მოელაპარაკო, თუ იქონიო სამართლიანი სასამართლოს, საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის გარანტია; სათანადოდ მომზადებულმა, მიიღო კარგი განათლება უმაღლეს სასწავლებელში (მათ შორის – ევროპულში) და ამით უკეთესი მომავლის მყარი საფუძველი შეიქმნა, თუ დარჩე უვიცად ნაყიდი დიპლომით – იმის იმედად, რომ რომელიმე ნაცნობი ჩინოსანი არ შეუშინდება ნეპოტიზმში ბრალდებას, თანამდებობის დაკარგვას და მოგაწყობთ სამსახურში, რომელიც ცოდნას არ საჭიროებს, თუმცა შესაბამისადაც ანაზღაურდება, მერე კი ყოველდღიურ შიშში იცხოვროთ, რომ მას თანამდებობიდან მოხსნიან და სამსახურს ავტომატურად თქვენც დაკარგავთ; რუსებისთვის 1 ლიტრი დაძმარებული ღვინის 3 ლარად მიყიდვა ნებისმიერ მომენტში “როსპოტრებნადზორის” (ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული) შემოწმების მოლოდინში, თუ პატიოსანი შრომით დამზადებული ხარისხიანი პროდუქციის ევროპაში 7-8 ევროდ გატანა და, რაც მთავარია, გასაღების სტაბილური, სამართლიანი ბაზარი; “ეკოლოგიურად სუფთად” გასაღებული გენმოდიფიცირებული პროდუქტისა და ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიში საშენი მასალების იაფად შეძენა, თუ ხელისუფლების იძულება, ევროპული რეგულაციები დააწესოს და გქონდეთ გარანტია, რომ ხარისხიანი პროდუქტის ცოტა უფრო ძვირად შეძენით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას არ ავნებთ; იყოთ “მეფე” უკანონობის ქვეყანაში, თავადაც არღვევდეთ კანონს და ცხოვრობთ მუდმივ შიშში, რომ კანონი თქვენს მიმართაც დაირღვევა, თუ იყოთ კანონმორჩილი მოქალაქე საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის მყარი გარანტიით...
ყველა ამ შემთხვევაში “ან”-ის მარცხნივ არის ის, რასაც დღეს რუსეთსა და იმ ქვეყნებში ვხედავთ, რომლებმაც მასზე აიღეს სწორება, ხოლო მარჯვნივ - ის, რაზეც “გახრწნილი” და “გამხრწნელი” ევროპა დგას, უკვე მრავალი წელია. რაღა თქმა უნდა, პერიოდულად პრობლემები იქაც იქმნება, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში. მაგრამ სწორედ ეს ფუძემდებელი პრინციპები, დამყარებული კანონის, ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზენაესობაზე, იძლევა ყოველ ჯერზე ამ პრობლემებთან იმგვარად გამკლავების შესაძლებლობას, რომ განვითარების გზა გაგრძელდეს, არ მოხდეს სტაგნაცია და მით უფრო რეგრესი. სწორედ ეს აძლევს ევროპას საშუალებას, დარჩეს სხვადასხვა ეთნოსების, კულტურების, ტრადიციების, რელიგიური მრწამსისა და შეხედულებების წარმომადგენლების მშვიდობიანი და ღირსეული თანაცხოვრების სივრცედ.
დიახ, კრემლის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანა ძლიერია, თუმცა ინტერნეტის ხანაში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში ადვილად დაადგინოს რეალობა და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი.
ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მაცხოვრებლებმა თავისი გაცნობიერებული არჩევანი უკვე გააკეთეს. და მიუხედავად პრობლემებისა, რომელიც დროდადრო იჩენს თავს, ერთხელ შეგრძნებული თავისუფლებისა და დაცულობის გემოს დავიწყება შეუძლებელია, ამიტომაც ხალხი წარსულში თავს არც ერთ ხელისუფლებას აღარ დააბრუნებინებს.
ეკატერინე ცანავა