გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, ბანკში ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება
21/10/2020 10:54:03 სამართალი
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრში, ერთ–ერთი ბანკის ფილიალში ერთი შეიარაღებული პირია შეჭრილი.
„რა ინფორმაციაც ამ წუთისთვის მე მაქვს, ერთი დამნაშავეა, რომელიც სავარაუდოდ, ერთ–ერთი ბანკის ფილიალში შეიჭრა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცველები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ღონისძიება ჩატარდეს შედეგიანად. ვაცადოთ ამ ხალხს მუშაობა“,– განაცხადა გახარიამ.
რა შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, პრემიერი არ თვლის, რომ ის გაუარესებულია.
"რაც შეეხება კრიმინალს, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ. არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ, კრიმინალს რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2,3, 4 წლის წინ, როგორც დანაშაული საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები, მძიმე დანაშაულების მუხლები აიღეთ და შეადარეთ ბოლო 8 -10 თუნდაც 15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას, რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე". - ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, რომ ბანკში შეიარაღებულ პირს მძებლები ჰყავს აყვანილი. ბანკის აღნიშნული ფილიალი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. ზედა სართულზე მყოფი მოქალაქეები სახანძრო კიბის საშუალებით გამოჰყავთ.


