Accentnews.ge
"სახიფათოა მძევლის დისკრედიტაციის კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტი"

"სახიფათოა მძევლის დისკრედიტაციის კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტი"

21/10/2020 16:57:46 სამართალი

სახალხო დამცველის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია, მძევალი, რომელიც ზუგდიდში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მედიებთან საკონტაქტოდ გამოიყენა, "ყველაზე დაუცველი და მოწყვლადია, ამიტომ, მისი დისკრედიტაციის მიზნით წამოწყებული კამპანია და პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება სახიფათოა".

"მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა". - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

ირაკლი კვარცხელია ერთ–ერთია იმათ შორის, რომლებიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, იგი თავდამსხმელმა აიძულა, მედიებს დაკავშირებოდა და მისი მოთხოვნები ამ გზით გაევრცელებინა.

მალევე სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ ირაკლი კვარაცხელია საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის ხელისუფლების მხარდამჭერია.

იქ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს ცოტა ხნის წინ "ქართული მარშის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავაც მივიდა, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, გაბედავა აცხადებდა, რომ "კვარაცხელია "ნაცების" მხარდამჭერია". მცირე სიტყვიერი დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის შემდეგ "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი დააკავეს.

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S