
"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს, დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია"
21/10/2020 17:24:58 საშინაო პოლიტიკა, სამართალი
"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.
ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები", – აცხადებს პრეზიდენტი.
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა. რამდენი მძევალი რჩება შენობაში ამ დროისთვის უცნობია. როგორც შსს–ში აცხადებენ, მათ გასათავისუფლებლად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვს.