თავდამსხმელმა "საქართველოს ბანკის" შენობა სავარაუდოდ, დატოვა და 3 მძევალი გაიყოლა
21/10/2020 18:03:35 სამართალი
თავდამსხმელმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობა სავარაუდოდ, დატოვა და 3 მძევალი გაიყოლა. კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში სავარაუდოდ, ყუმბარა უჭირავს და უკან სავარაუდოდ, სამართალდამცველი ჩანთით მიჰყვება.
ამასთან, კადრებში ჩანს, როგორ ჯდება სავარაუდოდ, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად პოლიციის მანქანაში და ტერიტორიას ტოვებს.
ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის ირაკლი კვარაცხელიას ინფორმაციით, "საქართველოს ბანკიდან" მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს.
„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ", – წერს ირაკლი კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
ერთ–ერთო ვერსიით, თავდამსხმელი ვერტმფრენთან მიყავთ.
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.


