დაუდასტურებული ინფორმაციით, სამივე მძევალი პოლიციელებმა ჩაანაცვლეს
21/10/2020 19:00:25 სამართალი
დაუდასტურებული ინფორმაციით, მძევლები, რომელთა თანხლებით სავარაუდოდ, თავდამსხმელმა ზუგდიდში, საქართველოს "ბანკის ფილიალის" შენობა დატოვა, პოლიციელებია.
არსებული ინფორმაციით, სამივე მძევალი პოლიციელებმა ჩაანაცვლეს. აღნიშნული ინფორმაცია ამ დროისთვის ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება. შსს–ს განცხადება ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად პოლიციის მანქანაში ჩაჯდა და ბანკის ტერიტორია დაახლოებით 40 წუთის წინ დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელი მძევლებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავს.
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.


