
სერგეი შამბა: "სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს"
22/10/2020 06:33:45 კონფლიქტები
სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ არარეალური უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაქცეული თავდამსხმელის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას. ამის შესახებ მან SOVA-ს განუცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ფაქტი მაინც მოხდა და თავდამსხმელმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთა, სოხუმი მზად არის დამნაშავე თბილისს გადასცეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით კი, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ძებნილმა პირმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლოს.
„სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო დანაყოფის ძალების მიერ, რუსეთთან ერთად, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა არ დავუშვათ დამნაშავის აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა“, – განაცხადა ლატიპოვმა.
მისი თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00 საათიდან 07:00 საათამდე დაკეტილია და მის გადაკვეთას დროის ამ მონაკვეთში ვერავინ შეძლებს.
იმავე შინაარსის განცხადებას აკეთებს ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილიაც.
„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს რამდენიმე ტელეკომპანიაში დაარეკინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.
რამდენიმე საათში გამტაცებელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და ავტომანქანით გაემგზავრა. მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც გამტაცებელს საკუთარი ნებით გაჰყვა.
რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამტაცებელთან ფული მიიტანა.
შსს აცხადებდა, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია.
რამდენიმე საათში გამტაცებელმა დანარჩენი მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაათავისუფლა.
უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.
როგორც შსს აღნიშნავს, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.