Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ შტაბის ტერიტორიაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ორი ვერსია

„ქართული ოცნების“ შტაბის ტერიტორიაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ორი ვერსია

22/10/2020 07:12:45 სამართალი

დმანისში, „ქართული ოცნების“ შტაბის ტერიტორიაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს, თავად დაჭრილები კი თბილისში არიან გადმოყვანილები.

უშუალოდ სისხლიან ინციდენტთან დაკავშირებით ორი – ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება. კერძოდ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ცნობით, შტაბში სამუშაო პროცესი იყო, რა დროსაც შენობაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები შეიჭრნენ, მოხდა ინციდენტი და ამას მოჰყვა როგორც გარედან შესული, ისე ოფისის თანამშრომლების დაჭრა. თუმცა ვინ ვის მიაყენა დაზიანება, გოგი მეველიანი ამბობს, რომ არ იცის. ამასთან, მეშველიანი ირწმუნება, რომ თავდამსხმელებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან და შტაბის წევრებთან კავშირი არ აქვთ.

არსებობს მეორე ვერსიაც – შტაბის ოფისში ქეიფობდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებს შელაპარაკება მოუვიდათ, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა.

„გუშინ, საღამოს საათებში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი. ამავდროულად, ოკმელაშვილი სწორედ ის პერსონაა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად, ჩვენს აქტივისტს პოლიტიკური მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის. შევახსენებ საზოგადოებასა და ჩემს ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანს - ჩვენ ამ პიროვნების, ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას უკვე თვეზე მეტია ვითხოვთ და სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა! და ბოლოს, გოგი მეშველიანის განცხადებით, ის თითქოს საერთოდ არ იცნობს ოკმელაშვილს და ეს თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი ხელწერაა. ამ ცრუ ბრალდებას მხოლოდ მოკლედ შევეხები - ოკმელაშვილი აქტიურად არის ჩართული მეშველიანის წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც ორი კვირის წინ მათი ერთობლივად გადაღებული და სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოსურათებიც ადასტურებს. მეორე - 2012 წლამდე თავად გოგი მეშველიანი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი და გულშემატკივარი, ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუშაობდა, ხოლო უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა,“- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S