
სოფო კილაძე - ოპოზიციას: "ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ"
26/06/2019 08:08:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
“რა თქმა უნდა, ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმე და ჩვენ გვიყურებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენ ძალიან ღირსეულად უნდა გავუძღვეთ პროცესს. ერთი საკითხი არის, რომ თუ არის დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფომ ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით და ჩვენი გუნდი უნდა იყოს გარანტი და იქნება კიდეც, რომ ამ პროცესში, არ ვიცი მე ეს როგორ დასრულდება, მაგრამ ამ პროცესში სრულად იყოს დაცული მათ შორის ჩვენი ოპონენტების უფლებები, ის უფლებები, რომლებიც ბატონ ნიკა მელიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მიცემული. მე მესმის თქვენი გუნდის მხრიდან, რომ ეს წარმოუდგენელია თქვენთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტის კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით".
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პარლამენტში გამოსვლისას
ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს და იმისთვის, რომ პროკურატურამ მისი დაკავება ან ჩხრეკა შეძლოს, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ ამ საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში. თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ.