უცხოა თუ არა აფხაზეთისთვის დასავლური ლიბერალური ღირებულებები?

22-10-2020 18:21:05 კონფლიქტები

ამასწინათ აფხაზ კოლეგებთან საუბარში მორიგი დასტური მივიღე იმისა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელიც საკმაოდ ძლიერია ჩვენთანაც (საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე), აფხაზეთში საერთოდაც “მიჰყავს აღლუმი”. დასავლური ფასეულობების “კატეგორიულ მიუღებლობაზე” ამ შემთხვევაში საუბრობდნენ ჟურნალისტები – ანუ წესით, საზოგადოების ყველაზე ინფორმირებული და, შესაბამისად, პროპაგანდას ნაკლებ დაქვემდებარებული ნაწილის წარმომადგენლები… თუმცა გასაკვირი ალბათ, მაინც არაფერია: ჩვენ ხომ ვსაუბრობთ რეგიონზე, სადაც ძირითად საინფორმაციო წყაროს რუსულენოვანი მედია, სოცქსელების რუსულენოვანი სეგმენტი, ასევე ის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციები თუ მოღვაწეები წარმოადგენენ, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიედ, აფხაზეთში “სტრატეგიული პარტნიორის” ინტერესებს ატარებენ.

და აფხაზი კოლეგების მიერ ნახსენები ნარატივების ნაწილი ძალზე ნაცნობი აღმოჩნდა: ამ ყველაფერს ჩვენც ვისმენთ – ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (მაგალითად, ტელეარხ “ობიექტივზე”, ცალკეული პოლიტიკოსებისგან, საზოგადო მოღვაწეებისგან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან, ამასწინანდელი სკანდალის შემდეგ აფხაზეთში კარგად ცნობილი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა” და ფსევდოპატრიოტული “დროშის” ქვეშ მოქმედი სხვა ანტიდასავლური პარტიებისა თუ ორგანიზაციებისგან), ვკითხულობთ ანტიდასავლურ ბეჭდურ გამოცემებში, სოცქსელებში, უამრავ პროპაგანდისტულ საიტზე, რომლებიც, პერიოდულად “გუგლისა” და “ფეისბუქის” მიერ ბლოკირების შემდეგ, კვლავ ბრუნდებიან ინტერნეტ-სივრცეში და აახლებენ თავის მავნე საქმიანობას…

დასახული მიზნების მისაღწევად ისინი ათასგვარ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ – აშკარა სიცრუით დაწყებული, უფრო ხარისხიანად “შეფუთული” პროპაგანდით დამთავრებული, რომელიც შესაძლოა, სრულიად რეალური ფაქტებისგან შედგებოდეს, თუმცა ისინი საზოგადოებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით, ან ყალბ ინფორმაციასთან შერეულად, ან “საექსპერტო ანალიზის” სახით მიეწოდებოდეს (რაც, სხვათა შორის, აფხაზეთისთვის კარგად ცნობილი “სპუტნიკის” ერთ-ერთი საყვარელი მეთოდია). ასეთ შემთხვევაში რეალობის დადგენა შესაძლოა, ყველაზე ფრთხილ მკითხველს/მსმენელსაც კი გაუჭირდეს.

ეს საკითხები თბილისში უკვე საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. ღია წვდომაშია უამრავი კომპეტენტური კვლევა და დღეს მსურს, ჩვენს აფხაზ მკითხველებს ზოგიერთი მათგანის შედეგები გავაცნო – იმ იმედით, რომ თბილისის მაგალითზე ისინი უფრო ფრთხილად მოეკიდებიან დასავლეთის შესახებ მოსმენილს/წაკითხულს.

ფართო გეგმები და ზრახვები

ზოგადად, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, როგორც წესი, გაცილებით ფართო გეგმებისა და ზრახვების ნაწილს წარმოადგენს. რუსეთის სადეზინფორმაციო და პროპაგანდისტული კამპანიები, მაგალითად, მთელს მსოფლიოში მოსკოვის საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზების, პრორუსული ხედვების პოპულარიზების, პრორუსული განწყობების თესვის მიზნით ტარდება. საქართველოს შემთხვევაში მათ ძირითად მიზანს ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხება და ხელისუფლებაში პრორუსული პოლიტიკური ძალების მოყვანა წარმოადგენს.

კონკრეტული ამოცანები მიზნების შესაბამისია: დემოკრატიული ინსტიტუტების, ქვეყნის დასავლელი პარტნიორების (აშშ-ის, ნატო-ს) და მათი სხვადასხვა სტრუქტურებისადმი ნდობის შერყევა, პარალელურად კი ქართული საზოგადოების წინაშე რუსეთისა და ევრაზიული ალტერნატივის “ხსნად” წარმოჩენა.

მექანიზმები ასეთია: დასავლური ღირებულებების არსის დამახინჯება (მათი დემონიზაცია, წარმოჩენა ქართული იდენტობისთვის “შეუსაბამოდ” ან სულაც “საფრთხედ”); ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის “ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ გასაღება; დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და მისი პოზიტიური შედეგების მნიშვნელობის დაკნინება; საზოგადოების დეზორგანიზება და დემორალიზება ქაოსის, შუღლის, მტრობის თესვის გზით (მათ შორის – სხვადასხვა უმცირესობების მიმართ); სხვადასხვა ადგილობრივი ჯგუფების (მედია, არასამთავრობო სექტორი, „სასარგებლო იდიოტები“, პოლიტიკური ძალები, სასულიერო პირები და სხვა) მობილიზება ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოქმედებისთვის.

მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიების “დამუშავება”

მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებისთვის თემატურად განსხვავებული ნარატივებია ფორმირებული. მაგალითად, 55 წელს გადაცილებულთათვის მთავარი აქცენტი კეთდება საბჭოური წარსულის შელამაზებაზე (ხშირად – ისტორიული ფაქტების სრული გაყალბებით) და ამჟამინდელი დემოკრატიული ინსტიტუტების დემონიზაციაზე. პროპაგანდის ძირითადი არხები აქ ტრადიციულია – ტელევიზია და პრესა. ახალგაზრდობისთვის კი აქცენტი გადატანილია ლიბერალიზმის კრიტიკაზე, დეზინფორმაციაზე დასავლური წყობის “სტაგნაციის” შესახებ, დასავლური ინსტიტუტების წარმოჩენაზე “სუსტად”, “უსარგებლოდ” და ამავდროულად “ქართული იდენტობისთვის საფრთხის მატარებლად”. პროპაგანდის ძირითადი წყარო ამ შემთხვევაში სოციალური მედიაა.

ცალკე აქტიური მუშაობა მიდის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ასე, მაგალითად, სომხებისა და აზერბაიჯანელების კომპაქტური სახლობის რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი, შესაბამისად) ანტიდასავლური პროპაგანდა, სარგებლობს რა იმით, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო – ქართულ ენას არ ფლობს და ინფორმაციას უმთავრესად რუსულენოვანი წყაროებიდან მოიპოვებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას წარმოაჩენს “საფრთხედ” უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეთნიკური სომხების შემთხვევაში ეს არის სადეზინფორმაციო ნარატივი “თურქული ექსპანსიის”, ყარსის ხელშეკრულების “საფრთხისა” და “ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოში თურქული ჯარის შემოჭრის” შესახებ.

კიდევ ერთი მიმართულება ცალკეულ სოციალურ ჯგუფებთან მუშაობაა. ამის მაგალთად შეიძლება, მოვიყვანოთ აქტიური სადეზინფორმაციო კამპანია თურქეთის მოსაზღვრე რეგიონ აჭარაში. ადგილობრივ მოსახლეობას ასევე აქტიურად აშინებენ “საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში თურქული ექსპანსიის საფრთხით” – რაღა თქმა უნდა, იმის მიჩუმათებით, რომ თავად თურქეთიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოა ... და, რაღა თქმა უნდა, “ერთადერთ მხსნელად” რუსეთის წარმოჩენით .

ამგვარად, ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია იყენებს სხვადასხვა ჯგუფების “სუსტ წერტილებს” თავისი ნარატივების კაპიტალიზაციისთვის. და აფხაზეთის მოსახლეობას, რომლის საინფორმაციო წყაროები ასევე უმთავრესად რუსულენოვანია, დიდი სიფრთხლე ჰმართებს.

რატომ რუსეთი?

იკითხავთ, რას ემყარება მტკიცება იმისა, რომ საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მთავარი მმართველი რუსეთია? გიპასუხებთ, თანაც მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით: 1. მეტისმეტად ხშირად ემთხვევა ქართველი ანტიდასავლელების აზრები, ინიციატივები, ნარატივები კრემლისას; 2 არსებობს არაერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მსგავსი მოღვაწეები და ორგანიზაციები სწორედ მოსკოვიდან ფინანსდებიან. მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთთან პოლიტიკური და ფინანსური კავშირის შესახებ ამასწინათ მთელი კვლევა იქნა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოში გააქტიურდნენ სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ორგანიზაციები, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ რუსულ სახელმწიფო ფონდებთან – ისეთებთან, როგორიცაა “ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი”, „ალექსანდრე გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი”, ფონდი “რუსული სამყარო” და სხვები. ეს უკანასკნელი 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ჩამოყალიბდა, ისევე, როგორც გორჩაკოვის ფონდი – 2010-ში და შესაბამისად, ორივე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პრიმაკოვის სახელობის ფონდი, რომელმაც “ეროვნულ ძალთა შეთანხმება” გააფორმა და დააანონსა “სოდომიტებთან ბრძოლა”, აქტიურად თანამშრომლობდა ულტრანაციონალისტურ მოძრაობა “ქართულ მარშთან”, რომელიც გასულ ზაფხულს პარტიად გარდაიქმნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაიწყო მზადება. ოთხი წლის წინ მოძრაობის სტატუსით დაფუძნებული ეს ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია, უპირველესად, ხმაურიანი აქციებითა და ინციდენტების მთელი სერიით, ჯერ სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებასა და ქვეყნიდან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცვიების “გაძევებას” მოითხოვდა, მოგვიანებით კი კონცენტრირდა ზემოთ ხსენებულზე – ანტიდასავლურ ნარატივზე «დასავლეთის გამხრწნელი ზეგავლენის” შესახებ. ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები აწყობდნენ აქციებს, თავდასხმებს უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, აქტიურად მონაწილეობდნენ 2013 წლის 17 მაისის ცნობილ მოვლენებში, როცა რამდენიმე ათასი მართლმადიდებელი აქტივისტი და ნაციონალისტი უფლებადამცველთა მცირერიცხოვან აქციას დაესხა თავს. მაშინ პოლიციას აქციის მონაწილეთა ევაკუაცია მოუწია, ბევრმა მათგანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. მომხდარი არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო...

რეალურად რას წარმოადგენს დასავლეთის ლიბერალური ღირებულებები?

რეალურად, დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის სწრაფვა მუდმივი განახლებისა და თვითგანვითარებისაკენ საკუთარი გამოცდილების – წარსულისა და აწმყოსადმი კრიტიკული მიდგომის საფუძველზე. მის ქვაკუთხედს კი ქმნის სამი ძირითადი პრინციპი: 1. ადამიანის, ინდივიდის, საზოგადოების თითოეული წევრის უზენაესი და უპირობო ფასეულობა – მთელი მისი უფლებებითა და თავისუფლებებით; 2. თითოეული მოქალაქის უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე; 3. კანონის უზენაესობა და მის წინაშე ყველას თანასწორობა, რაც წინა ორი პრინციპის ჰარმონიული დაცულობის გარანტიებს იძლევა.

სწორედ ამიტომ მსგავსი საზოგადოების ნებისმიერი კანონმორჩილი წევრი, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სხვა კუთვნილებისა, განურჩევლად პოლიტიკური, სქესობრივი თუ სხვა ორიენტაციისა, განურჩევლად პერსონალური შეხედულებებისა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვისას დარწმუნებულია სამართლიან ვერდიქტში და დაცულად გრძნობს თავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე მხარე სახელმწიფოა. ფასეულობათა სწორედ ასეთი სისტემა უზრუნველჰყოფს წლობით როგორც ეკონომიკების (აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით), ისე საზოგადოებების, მთლიანობაში ქვეყნების სტაბილურ და მდგრად განვითარებას, მიუხედავად ყველა იმ პერიოდული პრობლემისა, რომელიც დასავლეთში ზუსტად ისევე იქმნება, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში. ფასეულობათა სწორედ ამ სისტემის წყალობით შეიქმნა ყველაფერი ის, რაც ასე მოსწონთ აფხაზებს, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან დასავლეთის ქვეყნებში.

ეხლა კი დავფიქრდეთ, მართლაც ესოდენ უცხოა აფხაზებისთვის დასავლური ლიბერალური ღირებულებები, თუ მათი “კატეგორიული მიუღებლობა” და “გამხრწნელი ზემოქმედება” – ეს მხოლოდ ისაა, რასაც აფხაზეთს რუსეთი ახვევს თავს?

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები