Accentnews.ge
ხვიბლიანი თავდამსხმელთან კავშირს უარყოფს

ხვიბლიანი თავდამსხმელთან კავშირს უარყოფს

22/10/2020 17:55:57 სამართალი

„ტვ პირველი“ ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელიც მათი თქმით, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისას აყვანილი მძევლებიდან ერთ-ერთის – დავით ხვიბლიანის კომუნიკაციას მოიცავს.

ჩანაწერში ყოფილი მძევალი მათ შორის თავდამსხმელისთვის ფულის გადაცემის დეტალებს ყვება. სავარაუდოდ, ხვიბლიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ყოფილი მძევალის ტელეფონიდან შემავალი და გამავალი ზარები ამოიღეს.

"ტელეფონიდან ამომიღეს ყველაფერი: სად დამარეკინეს, როგორ დამარეკინეს, რა დამარეკინა და ყველაფერი... დანარჩენი, თავზე რომ იარაღით მედგა, მაგას ვიდეოკამერები დაამტკიცებს ბანკში. არანაირი პრობლემა არ აქვთ იმ ბიჭებს ჩემთან. პირიქით, მადლობას მიხდიან, რომ ისე მოვიქეცი, ის ტყვეები გავათავისუფლებინე და ამათთან კავშირში ვიყავი" - ამბობს ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ხვიბლიანი.

მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში კიდევ ერთი მძევალი ირაკლი კვარახელია ყვება, რომ თავდამსხმელმა 112–ზე დარეკვა სწორედ ხვიბლიანს მოსთხოვა და 112–თან კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა. მოგვიანებით კი მთავარი მომლაპარაკებელი – სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა თავდამსხმელთან კომუნკაციაზე სწორედ 112–ში დაფიქსირებული ნომრის მეშვეობით გავიდა. ხოლო თავად კვარახელიას თავდასხმელისგან მედიასთან კომუნიკაია ჰქონდა დავალებული. კვარაცხელია ამბობს, რომ მას თავდამსხმელსა და ხვიბლიანს შორის განსაკუთრებული კომუნიკაცია არ შეუმჩნევია.

ცნობისთვის: ხვიბლიანი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც "მთავარმა" გაავრცელა ტელევიზიის დირექტორის ნიკა გვარამიას ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი კიდევ სხვა პირებთან ერთად თავდამსხმელის თანამზრახველი და ცრუ მძევალი იყო. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ინფორმაცია მას ამის შესახებ უცნობმა წყარომ 21 ოქტომბერს მიაწოდა და ამავე დღეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ამცნო ამ ფაქტის შესახებ.

დავით ხვიბლიანი ერთ-ერთია იმ სამი პირიდან, რომელიც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად ახლდა თავდამსხმელს მიმალვამდე. მანვე გამოიტანა საქართველოს ბანკის შენობიდან ის თანხა, რომელსაც თავდამსხმელი ითხოვდა. „ტვ პირველის“ ჩანაწერში სავარაუდოდ, ხვიბლიანი ამბობს, რომ ჩათა ხელში მძარცველმა დააჭერინა:

"ფული იდო, რამდენი იყო, არავინ იცის, რამდენიც მოითხოვა, იმდენი იდო. არავის დაუთვლია და არაფერი. ვიდეოკამერაც არის, ვინც ამოიტანა ის ფული, იმან გაუხსნა და ანახა ფული. მერე მე დამაკავა ეგ [ჩანთა], რომ მე ჩამეტანა".

გვარამია კი ხვიბლიანს ამ "ოპერაციის დამგეგმავ ტვინს" უწოდებს და ამბობს, რომ ის პოლიციაში ისე იკითხება, როგორც "ტერორისტის თანამონაწილე."

“მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა. წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში.”,- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის გვერდზე. ნიკა გვარამიამ ფეისბუქზევე გამოქვეყნა ვიდეოც ბანკის შენობაში გადაღებული კამერებიდან, სადაც ჩანს როგორც თავდამსხმელი და სხვა მძევლები, ასევე ხვიბლიანი.

ხვიბლიანზე 22 ოქტომბერს შს მინისტრმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის მძევალი იყო. რაც შეეხება საკითხს, იყვნენ თუ არა თანამზრახველები მძევლებს შორის ან შენობის გარეთ, გომელაურს გადაჭრით არ უპასუხია. მინისტრმა თქვა, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.

თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელი და გატაცებულია თანხა. გომელაურმა დღეს დააზუსტა, რომ მძარცველს „საქართველოს ბანკის“ ფული მიუტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S