"ქართული ოცნების" დეპუტატი დააყაჩაღეს
22/10/2020 18:38:25 სამართალი
"ქართული ოცნების" წევრზე ზურაბ ახმედოვზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ქარელში დააკავა.
უწყების ცნობით, ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად დაესხა თავს ზურაბ ახმედოვს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.
"სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის იყო ნასამართლევი.


