„მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის მოწინავე სახელმწიფოს სტატუსი უნდა დაიბრუნოს”

23-10-2020 11:57:44 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე მარინა კალიურანდი მიიჩნევს, რომ საქართველომ 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის ისეთი მაღალი სტანდარტების დაცვით უნდა ჩაატაროს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის მოწინავე სახელმწიფოს სტატუსი დაიბრუნოს”.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

„მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჭეშმარიტების დადგენის მომენტი იქნება. ყველას მზერა საქართველოსკენ იქნება მიმართული და ჩვენ შევაფასებთ, მდგრადია თუ არა დემოკრატიული პროცესისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ მისი ერთგულება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შანსი და დაიბრუნოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის მოწინავე სახელმწიფოს სტატუსი“, – განაცხადა კალიურანდმა.

ამასთან, ევროპარლამენტარმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებაც გაიხსენა და ამ ფაქტს ისტორიული უწოდა:

„საქართველოსთვის ისტორიულ მომენტი დადგა. კერძოდ, ივლისის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაახლოებით ერთწლიანი დისკუსია, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით დასრულდა. ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, რადგან მიღებული იქნა საკანონმდებლო გაუმჯობესებისკენ მიმართული მთელი რიგი ცვლილებები OSCE/ODIHR–ის ძირითადი რეკომენდაციების შესაბამისად“.

ცნობისთვის: ეუთო–მ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიში ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ხმების ყიდვის ფაქტებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები