
„საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად, 31 ოქტომბრის არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ვხედავ“
23/10/2020 08:04:36 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად, 31 ოქტომბრის არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.
„მართალია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა, თუმცა ამ პროცესზე დაკვირვება სათანადო კონტექსტში უნდა იქნას განხილული. დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ Covid-19–ის მართვა სამაგალითო იყო. ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია მაგრამ, ეს რიცხვები საოცრად დაბალი დონიდან გაიზარდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება შედარებით საგანგაშოა თბილისში, აჭარასა და იმერეთში, სხვა რეგიონები ამგვარ ტალღას გადაურჩნენ. მე პირადად ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ სპორადული [არასაყოველთაო; არამუდმივი] შემაკავებელი ზომები ამ დროისთვის საკმარისია, ვიდრე ეროვნული ჩაკეტვა და შესაბამისად, 31 ოქტომბრის არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ვხედავ. საერთო ჯამში, წინასაარჩევნო გარემო დამაკმაყოფილებელია, ბევრმა პარტიამ წარადგინა თავისი პოლიტიკური პროგრამა და მონაწილეობა მიიღეს არსებით დებატებში - ეს უკვე მნიშვნელოვანი მიღწევებია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ამასთან, მისი თქმით, ეუთო–ს მიერ მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის შეზღუდვა შეიძლება, სამწუხარო იყოს მაგრამ, ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილზე გრძელვადიანი დამკვირვებლები გააგრძელებენ მუშაობას და ისინი წარმოადგენენ საარჩევნო პროცესის შეფასებას:
„Covid-19 -ის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული მოგზაურობის, ასევე სხვა შეზღუდვების გამო შეიქმნა მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის დეფიციტი და OSCE/ODIHR–მა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეზღუდოს. მე აღვნიშნავ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება მოლდოვასა და უკრაინასაც, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩვენ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ხალხის ჯანმრთელობა. სადამკვირვებლო მისიის შეზღუდვის გადაწვეტილება შეიძლება, სამწუხარო იყოს მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები გააგრძელებენ მუშაობას და წარმოადგენენ საარჩევნო პროცესის შეფასებას“.
რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) მიერ მიღებულ დადგენილებას საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის თაობაზე, კალიურანდი ცსკ–ის გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს.
„როდესაც საქმე ეხება საკარანტინო სივრცესა და იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც მათი სამოქალაქო უფლებები, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლება ახლა მუშაობს, რომ კარანტინსა და იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს საშუალება ჰქონდეთ ხმა მისცენ სპეციალურ საარჩევნო უბანზე ან გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. რაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებებია. გარდა ამისა, სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა ღია სივრცეში და ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, საშუალებას იძლევა ამომრჩევლებმა მისცენ ხმა და ამავდროულად სხვისი ინფიცირების რისკი მინიმუმამდე იყოს შემცირებული“, – განუცხადა ევროპარლამენტარმა „აქცენტს“.
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
ბოლო სამი კვირაა, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იმატებს. როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანა კორონავირუსული ინფექიის გავრცელების თვალსაზრისით, „ნარინჯისფერიდან“ „წითელ ზონაში“ გადავიდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.